მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EMAAR "გაქრა", საქართველოს სახელმწიფო "გაჩნდა" - $6.6 მილიარდიანი ინვესტიცია თუ პოტენციური ფისკალური ტვირთი?

ხიშტოვანი გიორგი

ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიან საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით, რომელიც თბილისსა და აჭარაში ახალი საცხოვრებელი და ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, არაერთი კითხვა აქვს.

„ზღაპრული პროექტი შეიძლება კოშმარული სცენარი გახდეს - სახელმწიფოს მოუწიოს ინვესტორების მიმართ ვალდებულებების გასტუმრება“ - ამ რისკსაც ხედავს ეკონომისტი იქიდან გამომდინარე, რომ როგორც ცნობილია, Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიან პროექტის განმახორციელებელ იგლ ჰილს საქართველოში“ სახელმწიფოს წილი 33.33% იქნება, მაგრამ მთავრობის მხრიდან აღებული ვალდებულებების შესახებ, საზოგადოებამ, ფაქტობრივად, არაფერი იცის.

მთავრობამ EAGLE HILLS-თან "საინვესტიციო ხელშეკრულება" მოიწონა - პირობები კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალა

„ერთადერთი ხელშესახები აქტივი/ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტს დღეს გააჩნია, არის მიწა, რომელიც ახლა სახელმწიფოს ეკუთვნის და რომელსაც ის საკუთრებაში/განკარგვაში გადასცემს ახლად შექმნილ კომპანიას. შესაბამისად, პროექტის წარუმატებლობის შემთხვევაში, ეს ქონება პროექტის კრედიტორების საკუთრება შეიძლება გახდეს ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს სახელმწიფო, როგორც მინიმუმ, ამ ტერიტორიების დაკარგვის რისკის ფასად შედის ამ პროექტში“, - აცხადებს გიორგი ხიშტოვანი.

ეკონომისტს კითხვები აქვს იმის თაობაზეც, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა უკვე აღარ ახსენებს Emaar ჯგუფს, როგორც ინვესტორს, რითაც თავდაპირველად მოქალაქეებს პროექტი გააცნეს".

EMAAR ჯგუფი თბილისსა და ბათუმში $6 მლრდ-ის ინვესტიციას ჩადებს - ირაკლი კობახიძე [27.01.25]

EMAAR-ის ინვესტიციის მოცულობა $6.6 მილიარდამდე გაიზარდა - ირაკლი კობახიძე [25.09.25]

საქმე ის არის, რომ Emaar Properties-ი დუბაიში დაფუძნებული საჯარო კომპანიაა, რომლის ცნობილი პროექტებია Burj Khalifa და Dubai Mall-ი. კომპანიის უმსხვილესი აქციონერია დუბაის საინვესტიციო კორპორაცია (22 %). რაც შეეხება Eagle Hills-სს, ის აბუ-დაბიში დაფუძნებული კომპანიაა და Emaar-თან პირდაპირ იურიდიულ კავშირში არაა ანუ შვილობილი კომპანია არ არის. ამ ორ კომპანიას ერთმანეთთან მოჰამედ ალაბარი აკავშირებს, რომელიც Eagle Hills-ის დამფუძნებელი და თავმჯდომარეა, ხოლო Emaar-ში ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

- ეს პროექტი თუ განხორციელდა იმ ფორმით, რა ფორმითაც თავის დროზე დააანონსა ქართულმა ოცნებამ“, რომ 6 მლრდ დოლარის ინვესტიციას საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კორპორაცია EMAAR- ჩადებდა, ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ რაც დრო გადის, ამ დაპირებას ჩვენ უფრო და უფრო ვშორდებით. როგორც აღმოჩნდა, არსად აღარ ჩანს საამიროების სახელმწიფო ფონდი [EMAAR] - მთავრობის განკარგულების თანახმად, “საინვესტიციო შეთანხმება“ გაფორმდა EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ს“, JAONA INVESTMENT LLC-ს“, შპს "იგლ ჰილს საქართველოსა" და საქართველოს მთავრობას შორის და 33.33%-ის თანამფლობელი ხდება სახელმწიფო. შეიძლება ითქვას, რომ გადასახადების გადამხდელები ანუ საქართველოს სახელმწიფო აღმოჩნდა პროექტის ერთი მესამედის მფლობელი.

- ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ 33%-იანი აქციონერობის შედეგად, Eagle Hills-ის პროექტით საქართველო მიიღებს არა მხოლოდ ინვესტიციებს, ახალ სამუშაო ადგილებს და შემოსავლებს ბიუჯეტში, არამედ მოგებიდანაც ექნება წილი, როგორც აქციონერს და ამაში ცუდი რა არის?

- არ ვიცი რამდენად კარგად ესმის ირაკლი კობახიძეს ფინანსები, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ კომპანიები არა მხოლოდ - მოგებაზე, არამედ ზარალზეც გადიან და ასეთ სიტუაციაში მისი მეპატრონეები ანაზღაურებენ ამ ზარალს. შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ვიცით, რომ ქონებით [მიწის აქტივით] შევდივართ პროექტში და თუ კომპანია წაგებიანი აღმოჩნდა, ბიუჯეტში თანხები კი არ შევა, არამედ შესაძლებელია, სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწიოს იმ ზარალის ანაზღაურება, რაც პროექტმა ნახა. წარმოგიდგენიათ, რომ $6.6-მილიარდიანი პროექტის ზარალის ნაწილი ანაზღაურება მოუწიოს სახელმწიფო ბიუჯეტს, რომელსაც უკვე ისედაც აქვს მნიშვნელოვანი პრობლემები?! შეიძლება, ამ თემას პირდაპირ არ უკავშირდება, მაგრამ არაა გამორიცხული, ქართული ოცნების“ მთავრობას ამიტომაც არ სურს IMF-ის ახალი პროგრამის დაწყება, ვინაიდან როდესაც ამ ტიპის ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო და ასეთი ფისკალური რისკების წინაშე აყენებს ქვეყანას, არ გამოვრიცხავ, IMF-თან პროგრამის გახსნის ფასად ხდებოდეს ეს ყველაფერი...

- დავუბრუნდეთ Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს - კიდევ რა კითხვები გაქვთ?

- უკვე ყველაფერი, რაც დაანონსდა ამ პროექტთან დაკავშირებით, რაღაცნაირად ეჭვებს აჩენს - ვიცით, რომ გაიხსნა გაყიდვების ოფისი. რას ყიდიან? სახლებს? ჯერ მიწებიც არაა გადაცემული კომპანიისთვის. ჩემი აზრით, გაყიდვების ოფისი“, რომელიც კინოთეატრ რუსთაველის შენობაში გაიხსნა, არ არის ტიპური გაყიდვების ოფისი, ეს არის ფინანსების მოზიდვის ოფისი და სინამდვილეში, ის ჯგუფი, რომელიც შემოვიდა საქართველოში, არის უბრალოდ ბიზნეს-ჯგუფი, რომელმაც უნდა დაიწყოს დამფინანსებლების მოზიდვა და ამ დამფინანსებლების წინაშე ყველაზე მთავარი ვალდებულების ამღები იქნება საქართველოს სახელმწიფოც. პროექტის დამფინანსებლები/ინვესტორები შეიძლება იყვნენ მთელი მსოფლიოდან და რა პირობებით და რა ვალდებულებებით შევედით ჩვენ ამ კონტრაქტში, არანაირი წარმოდგენა არ გვაქვს. რამდენიმე თვის წინ, თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ ამ პროექტის განხორციელება ზღაპარი მგონია-მეთქი და მიმაჩნდა, რომ ქართულ ოცნებას“ უნდა, ქულები დაიწეროს, იმიტომ რომ ინვესტიციები ქვეყანაში აღარ შემოდის და ასე შემდეგ... ახლა კი, ვფიქრობ, ეს ზღაპრული სცენარი შეიძლება გახდეს კოშმარული სცენარი საქართველოსთვის, თუ პროექტი ჩავარდა და ინვესტორების ვალდებულებების გასტუმრება სახელმწიფოს და გადასახადების გადამხდელებს მოგვიწია.

- ირაკლი კობახიძის 22 ოქტომბრის განკარგულებიდან ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ EAGLE HILLS-თან "საინვესტიციო ხელშეკრულება" და “აქციონერთა შეთანხმება” მოიწონა, მაგრამ კონტრაქტის პირობები კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. გასაგებია, რომ ინვესტორთან შეთანხმება შეიძლება იყოს კომერციული შინაარსის შემცველი, მაგრამ როდესაც 33%-იანი მეწილე სახელმწიფოა, გადასახადების გადამხდელებს მინიმუმ რა ინფორმაცია უნდა გვქონდეს ხელშეკრულების პირობების შესახებ?

- “ქართული ოცნების” რიტორიკა მოასწავებდა იმას, რომ ამ ხელშეკრულების გასაჯაროება არ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე, თვითონ ეს გადაწყვეტილება არ არის გასაკვირი. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას, რამდენად იმსახურებს საქართველოს მოქალაქე ჰქონდეს წვდომა ამ დოკუმენტზე, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - საინვესტიციო ხელშეკრულება“ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როგორც მინიმუმ ის ნაწილი, სადაც საუბარია ვალდებულებებზე, რომელსაც ქართული ოცნების“ სახელით საქართველოს სახელმწიფო იღებს იმ შემთხვევაში თუ ეს პროექტი ვერ წავა იმ გეგმით, რა გეგმაზეც საუბრობს დღეს ოცნება“. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, ვიცოდეთ, როგორია კაპიტალში ინვესტორების შენატანები ერთობლივ კომპანიაში [იგლ ჰილს საქართველოში“]. ჩვენ ახლა ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფო ორ უძრავ ქონებას [თბილისსა და აჭარაში მიწებს] უთმობს ერთობლივ კომპანიას, მაგრამ არ ვიცით, საკუთრებაში გადასცემს თუ მართვაში. ასევე, უნდა ვიცოდეთ ის პარტნიორები, ვისთან ერთადაც შედის საქართველოს სახელმწიფო ამ პროექტში, ისინი რა კონტრიბუციით შემოდიან ბიზნესში. წარმოიდგინეთ, იწყებდეთ პარტნიორთან ერთად ბიზნესს, მაგრამ არ იცოდეთ, რა არის მისი კონტრიბუცია. იმის გათვალისწინებით, რომ ეს არის სახელმწიფოს ინვესტიცია, მოქალაქე, რომელიც არის ამ სახელმწიფოს მესაკუთრე და დამფინანსებელი, იმსახურებს ამ ინფორმაციის ცოდნას. აუცილებელია, მოვითხოვოთ [საინვესტიციო ხელშეკრულების] ხელმისაწვდომობა - შეიძლება, ყველა მუხლი არ გვაინტერესებდეს, მაგრამ ის მუხლები, სადაც საუბარია პარტნიორების და ჩვენი სახელმწიფოს ვალდებულებებზე, ამაზე გადასახადების გადამხდელებს - საქართველოს მოქალაქეებს ინფორმაცია უნდა გვქონდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები