მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მთავრობამ EAGLE HILLS-თან "საინვესტიციო ხელშეკრულება" მოიწონა - პირობები კომერციულ საიდუმლოებად ჩაითვალა

111

„ქართული ოცნების“ მთავრობამ EAGLE HILLS-თან გაფორმებული „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ კომერციულ საიდუმლოებად მიიჩნია, რაც იმას ნიშნავს, რომ უძრავი ქონების სექტორში $6.6-მილიარდიანი პროექტის ინვესტორთან დადებული საინვესტიციო პირობების დეტალები საჯარო არ იქნება.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა, „ქართული ოცნების“ მთავრობამ არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერულ და საინვესტიციო კომპანიებს: „EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ს“, „JAONA INVESTMENT LLC-ს“, შპს იგლ ჰილს საქართველოსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“ მოიწონა.

კერძოდ, მთავრობის 2025 წლის 22 ოქტომბრით დათარიღებულ განკარგულებაში, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27/2 მუხლის შესაბამისად, „საინვესტიციო ხელშეკრულება“ და „აქციონერთა შეთანხმება“, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად.

ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, კომერციული საიდუმლოებაა „ინფორმაცია კომერციული ფასეულობის მქონე გეგმის, ფორმულის, პროცესის, საშუალების თაობაზე ან ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენება საქონლის საწარმოებლად, მოსამზადებლად, გადასამუშავებლად ან მომსახურების გასაწევად, ან/და რომელიც წარმოადგენს სიახლეს ან ტექნიკური შემოქმედების მნიშვნელოვან შედეგს, აგრეთვე სხვა ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს პირის კონკურენტუნარიანობას“.

რა მოიწონა საქართველოს მთავრობამ N 1712 განკარგულების მიხედვით:

ა) „საინვესტიციო ხელშეკრულება“, რომელიც განსაზღვრავს თბილისისა და გარდაბნის (კრწანისის ტერიტორია) და აჭარის (ბათუმი/გონიო) ტერიტორიებზე უძრავი ქონებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მასშტაბური პროექტების განსახორციელებლად საჭირო აქტივობებს და ზემოაღნიშნული ხელშეკრულების დანართები;

ბ) „აქციონერთა შეთანხმება“, რომელიც ადგენს, „საინვესტიციო ხელშეკრულების“ დანართ №4-ით გათვალისწინებული „წილის ნასყიდობის ხელშეკრულების“ დადების საფუძველზე, სახელმწიფოსა და „EAGLE HILLS DEVELOPMENT HOLDINGS LIMITED-ის“ მიერ ერთობლივი წილობრივი მონაწილეობით შექნილი კომპანიის – შპს იგლ ჰილს საქართველოს (ს/6: 404770011) მმართველობის წესებს, კაპიტალის სტრუქტურასა და პარტნიორთა უფლება-მოვალეობების ჩარჩოს და დანართები.

აღსანიშნავია, რომ ბიზნეს-რეესტრის მონაცემებით, ამჟამად, შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ 100%-ის მფლობელი შპს "იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედ" არის [არაბთა გაერთიანებული საამიროები] და „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრების მხრიდან გაჟღერებული სახელმწიფოს 33.33%-იანი წილის აქციონერობა ამ კომპანიაში, ჯერჯერობით, არ ჩანს.

თუმცა ამავე განკარგულების თანახმად, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „საინვესტიციო ხელშეკრულების“ დანართ №4-ით გათვალისწინებული „წილის ნასყიდობის ხელშეკრულების“ ხელმოწერისთანავე, შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 33.33% წილი მართვის უფლებით, უსასყიდლოდ, არსებობის ვადით უნდა გადაეცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ქონების მართვის სააგენტოს ავალებს, „,საინვესტიციო ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ყველა წინაპირობის დადგომის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორთან კოორდინაციით, საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად აუცილებელი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იგლ ჰილს საქართველოს“ კაპიტალში „საინვესტიციო ხელშეკრულების“ №5 დანართით გათვალისწინებული პირობებით შეტანას.

გამომდინარე იქიდან, რომ „საინვესტიციო ხელშეკრულება“ კომერციულ საიდუმლოებადაა მიჩნეული, დანართები რაზედაც ამ განკარგულებაშია საუბარი, საჯარო ვერ იქნება.

ირაკლი კობახიძის ამავე განკარგულებიდან ვიგებთ, რომ მარიამ ქვრივიშვილს მიენიჭა „საინვესტიციო ხელშეკრულებისა“ და „,აქციონერთა შეთანხმების“ საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება. ასევე, „საინვესტიციო ხელშეკრულების“ შესრულებაზე პასუხისმგებელ უწყებად განისაზღვროს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

Eagle Hills-ის $6.6-მილიარდიანი პროექტი საქართველოში - რა (არ) ვიცით? | ნიკა ალავიძის მიმოხილვა/ანალიზი

„Eagle Hills არ არის Emaar Properties-ის შვილობილი კომპანია“ - რომან გოცირიძე UAE-ს მთავრობას და Emaar-ს მიმართავს

$6-მილიარდიანი არაბული ინვესტიცია საქართველოში|ის, რაც ვიცით - ეკონომისტ აკაკი ცომაიას კითხვები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები