მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Emaar ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ სერბეთშიც დაიწყო მსხვილი პროექტი, მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა - კობახიძე

ბრიფინგი
02.02.25 21:48
2170

სერბეთში, Emaar ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო მსხვილი პროექტის განხორციელება და მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო,- ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა. მისი თქმით, ამის შესახებ მათ თავად Emaar ჯგუფის წარმომადგენლებმა უთხრეს.

„Emaar ჯგუფის წარმომადგენლები გვესაუბრებოდნენ სერბეთის მაგალითზე. სერბეთში, რამდენიმე წლის წინ დაიწყო Emaar ჯგუფმა ძალიან მსხვილი პროექტის განხორციელება და ასეთი რაღაც გვითხრეს, რომ მაშინ იქაური ოპოზიციაც განაწყენდა ამ ყველაფრის გამო, არ მოსწონდათ ის სიკეთე, რომელიც სერბეთმა მიიღო ამ მასშტაბური ინვესტიციის საფუძველზე, თუმცა ბოლოს მოხდა ისე, რომ ამ ოპოზიციის წარმომადგენლები ბინებს ყიდულობდნენ Emaar-ის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში", - განაცხადა მან.

რა ვიცით საქართველოში EMAAR-ის $6 მილიარდიან საინვესტიციო გეგმაზე?

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არის კლასიკური საინვესტიციო შეთანხმება, სადაც საუბარია კონკრეტულ პროექტზე, რომელიც ქვეყანაში არაბული ინვესტიციით უნდა განხორციელდეს.

„საუბარია თბილისში და აჭარაში ორი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული სივრცის განვითარებაზე. მთლიანობაში საუბარია 3 მილიონ კვ.მ-ზე სივრცეზე, რაც უნდა აშენდეს ორივე ლოკაციაზე. აქ საუბარია არა მხოლოდ საცხოვრებელ სივრცეებზე, არამედ განვითარდება სასტუმრო ინფრასტრუქტურა, ასევე სამედიცინო-სპორტული-სარეკრეაციო ინფრასტრუქტურა, სკოლები მათ შორის, საბავშვო ბაღები, ასევე იქნება შოპინგ მოლები ამ ტერიტორიაზე. იქნება ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე თბილისში, მაგალითად ტერიტორიის 34% დაეთმობა გამწვანებას და რეკრეაციას.

უნდა ითქვას ის, რომ თავად EMAAR ჯგუფის დამფუძნებელმა ბატონმა ალაბარმაც განაცხადა, რომ 6 მილიარდიანი ინვესტიცია ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით ერთი ამდენი შემოვა დამატებითი ინვესტიციის სახით ჩვენს ქვეყანაში. ეს არის სტანდარტული, მათი ერთ-ერთი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ჰქონია EMAAR-ის ინვესტიციებს სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენი ამოცანა იყო შემდეგი 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით ეკონომიკის გაზრდა - 90 მილიარდი ლარიდან 130 მილიარდ ლარამდე. რა თქმა უნდა, ამ ინვესტიციის პირობებში დამატებით მილიარდობით ლარით შეგვიძლია, გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, - განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.

მისივე თქმით, EMAAR ჯგუფის მიდგომით, ასეთი მასშტაბური პროექტები ყოველთვის ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ხორციელდება.

„ეს არის ძალიან კარგი მიდგომა, რაც განსაკუთრებით მომგებიანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის, როგორც ეკონომიკური ზრდის დაჩქარების, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ამ პროექტს ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია იყო, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული ეკონომიკური გუნდი. არაჩვეულებრივი მენეჯმენტი ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით და მისი ფაქტორი ამ მოლაპარაკებებში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც შენ იცი, რომ მეორე მხარეს პროფესიონალები არიან, ბუნებრივია, ასეთ დროს იზრდება შენი მოტივაცია, რომ შესაბამის ქვეყანაში განახორციელო ინვესტიცია.

გარდა ამისა, იცით, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი საინვესტიციო ბიზნესგარემო ჩვენს ქვეყანაში, შესაბამისი კანონმდებლობა, მათ შორის ძალიან კარგი, მარტივი საგადასახადო სისტემა, დაბალი გადასახადებით, ლიბერალური ეკონომიკური გარემო, ეს არის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც განაპირობა ამ ინვესტიციის შემოტანა ჩვენს ქვეყანაში. მესამე, რასაც პირდაპირ ალაბარი აღნიშნავდა, მას აქვს განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებულად ემოციურად საუბრობდა თბილისსა და ბათუმზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები