მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ემზადება თუ არა ეკონომიკის ყოფილი მინისტრი სებ-ის პრეზიდენტობისთვის - თურნავას პასუხი

629dbd3f700cf
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.22 13:00
1106
„რა მოხდება მომავალში, ახლა ამ სპეკულაციებს ვერ გავაგრძელებთ“ - ასე უპასუხა სებ-ის საბჭოს წევრობაზე წარდგენილმა ნათია თურნავამ, ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მომავალში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მის შესაძლო დანიშვნას შეეხებოდა.

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მისულმა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და დღეს უკვე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა კითხვას არაკორექტული უწოდა და განაცხადა, რომ მარეგულირებელ ორგანოში ამ სტატუსით შესვლა მისთვის პატივია.

„ეს კითხვა არარელევანტური და არაკორექტულია. მე წარდგენილი ვარ როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ჩემთვის დიდი პატივია, ამ ფორმატში და სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს. სებ-ს ძალიან პროფესიონალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელიც საერთაშორისო რეპუტაციული გამომცემლობის Global Finance-ს მიერ 4-ჯერ ზედიზედ იყო დასახელებული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ბანკის მმართველი მსოფლიოში“, - განაცხადა თურნავამ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, სებ-ის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების გასვლის შემდეგ თუ აპირებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობას, თურნავამ ასეთი პასუხი გასცა: „რა მოხდება მომავალში, ახლა ამ სპეკულაციებს ვერ გავაგრძელებთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები