მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკას მმართველი ორგანო სამინისტროს სახით უნდა ჰყავდეს - ენერგეტიკოსი

გია არაბიძე

„2017 წლიდან, თუკი დასმულა საკითხი ენერგეტიკის სამინისტროსთან დაკავშირებით, ყოველთვის ცალსახა აზრი მქონდა, რომ გაუქმება არ იყო სწორი, რომ ის აღსადგენია“,- ამის შესახებ ენერგეტიკოსი გია არაბიძე აცხადებს.

მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გააუქმა და ის ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარა. ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში 2022 წლიდან მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ხელმძღვანელობს.

ენერგეტიკოსი, გია არაბიძე BMG-სთან აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულებით შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს, თუმცა როცა დარგი ქვეყნისთვის ასეთი პრიორიტეტულია და როცა ქვეყანას არაერთი საერთაშორისო ვალდებულება აქვს შესასრულებელი, აუცილებელი არსებობდეს მძლავრი დარგობრივი უწყება.

„როდესაც ქვეყანაში პრიორიტეტი ენერგეტიკაა, როდესაც ყველა ვამბობთ, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა და უსაფრთხოება, პოლიტიკური მდგრადობა და უსაფრთხოებაც ენერგეტიკაზე დიდადაა დამოკიდებული, ამ დარგს ნამდვილად უნდა ჰყავდეს მმართველი ორგანო სამინისტროს სახით, რომ შეძლოს უფრო ეფექტიანად იმუშაოს.

არ შემიფასებია, თუმცა დიდი ეჭვი მეპარება, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ რაიმე დიდი ეკონომიკური შეღავათი მიიღო ჩვენმა ბიუჯეტმა.

ენერგეტიკის სამინისტრო არა თუ უნდა აღდგეს, არამედ ენერგეტიკის მინისტრი ვიცე პრემიერიც უნდა იყოს, რომ გაადვილდეს ინვესტიციების მოზიდვა და მის მართვა.

ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენა არ დააწვება მძიმე ხარჯად ჩვენს ბიუჯეტს. კი კარგად მუშაობს ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის დეპარტამენტი, თუმცა უამრავი ვალდებულებები გვაქვს. მარტო 26 კანონქვემდებარე აქტია მისაღები, ეს ძალიან დიდი რიცხვია, უამრავი კანონია გადასახედი, ევროკავშირის წევრობის შემდეგ უამრავი ვალდებულება წამოვა და ენერგეტიკის სამინისტრო ერთ-ერთი მძლავრი სამინისტრო უნდა იყოს, რომ შეძლოს იმ გამოწვევებთან გამკლავება, რაც ამ დარგს და ქვეყანას აქვს“,- აცხადებს გია არაბიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები