„ვფიქრობ, ინსტიტუციონალურად უფრო მეტი სიმყარე უნდა შევქმნათ, რომ ენერგეტიკაში არსებული რეფორმები სწორი მიმართულებით მიდიოდეს, რომელიც ეკონომიკას სჭირდება,“- ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენის თემაზე საუბრისას აცხადებს. ის მათ შორისაა, ვინც თვლის, რომ ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება არასწორი გადაწყვეტილება იყო.
ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გააუქმა და ის ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარა. ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში 2022 წლიდან მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ხელმძღვანელობს.
„ჩვენ ხომ ვერ ვიქნებით პიროვნებებზე დამოკიდებული?! მე ვფიქრობ, რომ ინსტიტუციონალურად უფრო მეტი სიმყარე უნდა შევქმნათ“ - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
„რეფორმების დროს სამინისტროს ინსტიტუციონალური გაქრობა იქნებოდა სერიოზული პრობლემა და ამან აჩვენა რომ 2022 წლამდე არანაირი ძვრა ენერგეტიკაში არ იყო. 2022 წლის მერე დაიწყო ძვრა. ეს იყო პერსონალურად ერთი ადამიანის, მინისტრის პირველი მოადგილის ბატონი რომეო მიქაუტაძის დამსახურება, რომ მოძრაობა დაიწყო, CFD ამოქმედდა, მაგრამ ჩვენ ხომ ვერ ვიქნებით პიროვნებებზე დამოკიდებული?! მე ვფიქრობ, რომ ინსტიტუციონალურად უფრო მეტი სიმყარე უნდა შევქმნათ, რომ ენერგეტიკაში არსებული რეფორმები მიდიოდეს სწორი მიმართულებით, რომელიც ეკონომიკას სჭირდება და რომელსაც ჩვენ ევროპული ვალდებულებები გვიჩენს. ჩვენ ამ ვალდებულებებში გვაქვს სერიოზული დოკუმენტები მისაღები, [მიღებულია ნაწილი], რომელიც უკავშირდება მთლიანად ეკონომიკის მწვანე რელსებზე გადაყვანას“,- აცხადებს ვეფხვაძე.
ის თვლის, რომ მწვანე ეკონომიკაზე გადასვლისთვის, საქართველოს აუცილებლად დასჭირდება ინსტიტუციონალური გაძლიერება. მისი თქმით, ეს შეიძლება იყოს ენერგეტიკის და კლიმატის სამინისტრო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს.
„ვფიქრობ, რომ ცალკე ენერგეტიკის სამინისტროზე შეიძლება არ ვიფიქროთ, მაგრამ ვიფიქროთ ენერგეტიკის და კლიმატის სტრუქტურაზე. რატო? იმიტომ, რომ კლიმატთან დაკავშირებული ვალდებულებები აჩენს ამ ტიპის გამომდინარე გეგმებს, რომელიც ჩვენ დოკუმენტზეც გადატანილია, შეიძლება ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არის ენერგეტიკისა და კლიმატის ერთიანი სამოქმედო გეგმა, უზარმაზარი, რომელიც შეიძლება ბევრს არ წაუკითხავს, მაგრამ იმდენად სერიოზულ გამოწვევას შექმნის მომავალში ეკონომიკაში, თუ დროულად არ მოვემზადეთ, რომ სერიოზული პრობლემები გველის წინ უახლოესი 5-7-10 წლის პერსპექტივით. ამიტომ, ამას სჭირდება ინსტიტუციონალური მზაობა. მე ვფიქრობ, ენერგეტიკის და კლიმატის სამინისტრო არის ის, რაც ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს და ჩვენც ალბათ დაგვჭირდება“,- აცხადებს ლევან ვეფხვაძე.