„ცალსახად საჭიროებს ენერგეტიკის დარგი ცალკე სამინისტრო ჰყავდეს“,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა გადაცემა "რედაქტ2"-თან ინტერვიუში განაცხადა. პაატა ცინცაძე თვლის, რომ სამინისტროს შექმნა მნიშვნელოვნად დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და გააადვილებს ინვესტიციების მოზიდვას.
„არ ვაკნინებ ეკონომიკის სამინისტროში იმ ფრთას, რომელიც ენერგეტიკაზე მუშაობს, მაგრამ თუ ჩვენთვის პრიორიტეტი ენერგეტიკაა, მაშინ ეს გამოვხატოთ ყველანაირი ფორმით, თუნდაც იმით, რომ შევქმნათ ენერგეტიკის სამინისტრო. ეს ძალიან ბევრ რამეს დააჩქარებს. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ სჯობს ენერგეტიკა იყოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიდრე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის კურატორობის ქვეშ, თუნდაც იგივე ინვესტორების თვალთახედვიდან გამომდინარე, რომ შევხედოთ ამ საქმეს.
გარდა ამისა ეს დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღებას, იმიტომ, რომ ძალიან დიდი სამინისტროა ეკონომიკის სამინისტრო, უამრავი სხვა მიმართულებებია, ძალიან ძნელია ეფექტიანი გადაწყვეტილებები მიიღო. ამიტომ, ჩემი აზრით, ენერგეტიკის სამინისტროს შექმნა აუცილებელია და ამას რაც უფრო დროულად გავაკეთებთ, ბევრად გაადვილდება ინვესტიციების მოზიდვაც და ენერგეტიკის განვითარებაც“,- აცხადებს პაატა ცინცაძე.
მთავრობამ ენერგეტიკის სამინისტრო 2017 წელს გააუქმა და ის ეკონომიკის სამინისტროს დაუქვემდებარა. ენერგეტიკის მიმართულებას ეკონომიკის სამინისტროში 2022 წლიდან მინისტრის მოადგილე, რომეო მიქაუტაძე ხელმძღვანელობს.