აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი კრის რაიტი Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპის ქვეყნებმა რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი უნდა შეწყვიტონ.
მისი ეს კომენტარი მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "მეორე ფაზა" დაიწყება.
ენერგეტიკის მდივნის თქმით, ამერიკა უფრო აგრესიული იქნება რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების კუთხით თუ ევროპული ქვეყნები რუსული ენერგორესურსების ყიდვას შეწყვეტენ და სანაცვლოდ ამერიკულ გათხევადებულ გაზს (LNG) და საწვავს იყიდიან.
"თუ ევროპელები გაავლებენ ხაზს და იტყვიან: აღარ ვაპირებთ რუსული გაზისა და ნავთობის ყიდვას, ექნება ამას დადებითი გავლენა აშშ-ზე, რომ უფრო აგრესიული იყოს სანქციებთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა", - უთხრა რაითმა ბრიტანულ გამოცემას.
დონალდ ტრამპი უკვე დიდი ხანია ევროპას ამერიკული ენერგორესურსების ყიდვისკენ მოუწოდებს. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოსთხოვა 350 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად ამერიკული ენერგორესურსები იყიდოს. ევროსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ამერიკაში თითქმის 532 მილიარდი ევროს პროდუქტი გაყიდეს, ევროკავშირმა კი ამერიკისგან 333 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი იყიდა. შესაბამისად, დეფიციტი არა 350 მილიარდია, როგორც ამას ტრამპი ამტკიცებს, არამედ 232 მილიარდი დოლარი. თავის მხრივ ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ 2027 წლიდან რუსულ წიაღისეულ საწვავს აღარ იყიდის.




























