აქტიური თვეების შემდეგ, ენერგეტიკულ ბირჟაზე, რომელიც ისევ სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს, გარიგებები შემცირდა.
აგვისტოში პირველი გარიგება ბირჟაზე მხოლოდ დღეს შედგა. ბირჟის ყოველდღიური სტატისტიკა მოწმობს, რომ გაზრდილია გასაყიდი ფასიც. თუ ივლისის ბოლოს 1 კვტ.სთ ელექტროენერგიის ფასი 13.34 თეთრი იყო, ამჟამად ეს მაჩვენებელი 14.4 თეთრამდეა გაზრდილი.
ენერგეტიკული ბირჟის მონაცემებით, ივლისში ბირჟაზე გარიგებები 31 685 მგვტ.სთ ელექტროენერგიაზე დაიდო. თუ თვის დასაწყისში 1 მეგავატის ფასი 125.6 ლარი იყო, თვის ბოლოს ფასმა 134.46 ლარს მიაღწია.
მთლიანობაში 7 თვეში ბირჟაზე 124 800 მგვ.სთ ელექტროენერგია ივაჭრეს. ენერგეტიკული ბირჟის მონაცემებით, მარტში 1 მეგავატის ფასი 150-151 ლარი იყო, აპრილში საშუალოდ 150.94 ლარი/მგვტ.სთ ფასი დაფიქსირდა, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა მაისში (125.13 ლარი/მგვტ.სთ) და ივნისში (126.05 ლარი/მგვტ.სთ). ივლისში ფასი გაიზარდა და 1 მეგავატზე 133 ლარს გადააჭარბა.




























