"საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის" (GREDA) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის გიორგი აბრამიშვილის შეფასებით, ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებით რჩება საკითხები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს.
როგორც აბრამიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, არსებული გარდამავალი ეტაპი სწორედ იმას გულისხმობს, რომ პრობლემები გამოიკვეთოს და გადაიჭრას.
„ბირჟაზე ზამთრის თვეებში ინტერესი დაიკლებს იმიტომ, რომ ძირითადი პროექტების ანაზღაურება ესკოს მიერ ჯერ კიდევ ძველი PPA მეთოდით ხდება. შესაბამისად, ინტერესი, რომ ბირჟაზე გამოვიდეს თავისუფალ ვაჭრობაში ბევრად ნაკლებია. მეორე მხრივ, არის კიდევ გარკვეული პრობლემები. ზოგადად, გარდამავალი ეტაპი გაკეთდა იმისთვის, რომ დავინახოთ რეალური პრობლემები და შემდეგ მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. ამიტომ, არ ვფიქრობთ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ეს რაღაც ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს. ეს საცდელი პერიოდის ბოლო ფაზაა, სანამ საბოლოო ჯამში თავისუფალ ვაჭრობაზე გადავალთ. ჯერ კიდევ ბევრი საკითხია, რომელიც გამოსწორებას საჭიროებს. არ არის ეს ბოლომდე გამჭვირვალე და თავისუფალი ბაზარი იმისთვის, რომ ინვესტორს ნდობა გაუჩნდეს. საბოლოოდ მიზანი ხომ ისაა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება ხელშეწყობის ინსტრუმენტების გარეშე დაიწყოს და თავისუფალი ბაზრისადმი ნდობა გაჩნდეს. მანამდე ჯერ შორს ვართ, მაგრამ მაგ მიმართულებით ვმოძრაობთ“,- განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.
შეგახსენებთ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე.
აქტიურობა 24 ივლისიდან გაიზარდა - როგორი იყო ენერგეტიკული ბირჟის პირველი თვე?