მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესიდან აფხაზეთის მომარაგება ზამთრის თვეებში შეზღუდული მოცულობით გაგრძელდება

ენგური

წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა ენგურჰესიდან და ვარდნილჰესების კასკადიდან ჯამში 1.7 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია მიიღო, ანუ ამ ორი ჰესის ჯამური გამომუშავების 45%. როგორც BMG-ის ენგურჰესის პრესსამსახურში უთხრეს, უშუალოდ ოქტომბერ-ნოემბერში რეგიონმა ამ ორი ჰესიდან 325 მლნ კვტ.სთ-ზე მეტი დენი მიიღო.

"ენგურჰესი და ვარდნილჰესი მუშაობას განაგრძობს და შესაბამისად, აფხაზეთს მიაწვდის მხოლოდ მდინარის ჩამონადენის შესაბამისი მოცულობის ელექტროენერგიას, რაც ზამთრის თვეებში დღე-ღამეში, დაახლოებით, 2,5-3 მლნ კვტ.სთ-ია", - აცხადებენ ენგურჰესში.

ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, 2024 წლის ათ თვეში აფხაზეთმა 2.1 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, აქედან 417 მლნ რუსეთიდან იმპორტირებული იყო.

4 დეკემბერს "ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელმა განაცხადა, ენგურჰესში წყლის დაბალი დონის გამო რეგიონში შესაძლოა, ელექტროენერგია ავარიულად გათიშულიყო. მისივე ინფორმაციით, სიტუაციის დასასტაბილურებლად რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა იგეგმება.

შარშან რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია სრულად ოკუპირებულმა აფხაზეთმა მოიხმარა და დანარჩენ საქართველოს დენის იმპორტი არ დასჭირვებია. ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა თბოსადგურები, რომლებსაც ბოლო ორი წელია სახელმწიფო უფრო მეტად ამუშავებს. მეორე მიზეზი კი ელექტროენერგიის მოხმარების კლება იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები