"ენგურჰესის" დირექტორი, ლევან მებონია აფხაზებს მოუწოდებს, ელექტროენერგიის საფასური გადაიხადონ. ლევან მებონიას ე.წ. აფხაზი ოპოზიციონერები, ლევან მიქაა და ილია გულია შეხვდნენ.
"თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის 40%-ის საფასურს გადაიხდის, “სურათი სულ სხვაგვარი იქნება”, - უთხრა მებონიამ აფხაზებს.
ამასთან, "ენგურჰესის" დირექტორმა იკითხა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში. პასუხად მიიღო, რომ 244 000 და თქვა:
"თბილისში მილიონ-ნახევარი ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მოხმარება იგივეა. მითხრეს, რომ როდესაც ღამით ინტერნეტი [აფხაზეთში] გამორთული იყო, მოხმარება მაშინვე 50 მეგავატით დაეცა. ეს არის მინიმუმ მილიონ კვტ/სთ დღეში, ე.ი. დამატებით სამი საათი. ახლა თითქმის 98% აფხაზეთში მიდის".
ცნობისთვის, 40/60 პრინციპი 1990-იან წლებში ხელმოწერის გარეშე მიღწეული შეთანხმებაა, რომლის მიხედვით, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 40% აფხაზეთის რეგიონს, 60% კი - დანარჩენ საქართველოს ეკუთვნოდა. აფხაზმა პოლიტიკოსმა, ლევან მიქაამ ლევან მებონიას უთხრა, რომ უფასო გენერაციის 40% "აფხაზურ მხარეს" უფასოდ აქვს.
"ასეთი შეთანხმება არასდროს ყოფილა. უბრალოდ აფხაზური მხარე გადასახადს არ იხდის. გადასახადის გადახდით წყლის დონე არ მოიმატებს, მაგრამ ჩვენ [ელექტროენერგიას] ექსპორტზე არ გავგზავნით და წყალს დავზოგავთ", - განაცხადა მებონიამ.