მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენგურჰესის, GOGC-ის, ესკოს მართვა ქონების სააგენტოს დაევალება - კანონპროექტი

ენგურჰესი

ქართული ოცნების პარლამენტი განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ენერგეტიკული კომპანიების მართვის სტრუქტურას შეეხება.

პროექტის თანახმად, ქონების სააგენტო ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევების უზრუნველყოფის მიზნით აქციონერის (პარტნიორის) უფლებამოსილებას განახორციელებს დამოუკიდებლად მართვის უფლებით გადაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ შემდეგ საწარმოებში: შპს „ენგურჰესი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“.

ცვლილება ენერგეტიკული გაერთიანების წინაშე აღებულ ვალდებულებებს უკავშირდება, რაც ენერგეტიკის სექტორში ანბანდლინგის ვალდებულებას მოიცავს.

კანონპროექტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა გააცნო. მისი თქმით, ქონების სააგენტოს ამოცანა იქნება შესაბამისი ენერგეტიკული საწარმოების საქმიანობის ეფექტიანი ზედამხედველობა, ისევე, როგორც უფლებამოსილებების ჯეროვნად, ეფექტიანად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განხორციელება. აღნიშნულ საქმიანობაში ქონების სააგენტო იმოქმედებს დამოუკიდებლად, სამინისტროს, მთავრობის ან სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერი სხვა უწყების მხრიდან ჩარევის გარეშე.

კანონპროექტის მიღების შემდეგ სახელმწიფო სექტორში არსებული ენერგეტიკული კომპანიები თანხვედრაში უნდა მოვიდნენ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მოთხოვნასთან მმართველობის სტრუქტურის გამიჯვნის შესახებ, რის შესახებაც გაერთიანებამ საქართველოს არაერთხელ მოუწოდა ცვლილებების განხორციელება.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეიქმნება ენერგეტიკული საწარმოების მართვის განმახორციელებელი ახალი დეპარტამენტი, რომელიც ახალი თანამშრომლებით დაკომპლექტდება. 2025 წელს ამისთვის 317 ათასი ლარის დაფინანსების, 2026 წელს 296 ათასი ლარის, ხოლო 2027 წელს 323 ათასი ლარის დახარჯვა იგეგმება ახალ დეპარტამენტზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები