კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი მიიჩნევს, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი და შედეგად, „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორ კომპანია ENKA-სთან ხელშეკრულების გაწყვეტა, ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის უდიდესი დარტყმა იქნება.
ასე უპასუხა ლაშა იორდანიშვილმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც რიონის ხეობის მცველების ძირითად მოთხოვნას - ENKA-სთან ხელშეკრულების გაწყვეტას და იმის ალბათობას შეეხებოდა, რომ შესაძლოა, საქართველოს მთავრობა მათ მოთხოვნას დათანხმდეს.
„ულტიმატუმებით საუბარი და ინვესტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა იქნება უდიდესი დარტყმა არა მარტო ენერგეტიკის სექტორისთვის, არამედ ზოგადად, ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსთვის; როცა სახელმწიფომ გასცა ნებართვები, პროექტის შესახებ ჩატარდა ყველა საჭირო კვლევა, რომელიც თავის მხრივ შეისწავლა და დაამოწმა გარემოს დაცვის სამინისტრომ, ასევე ეკონომიკის სამინისტრომ, ამ დროს რას ნიშნავს ხელშეკრულების გაწყვეტა?! - ყველა ეს უწყება უვიცი და ბოროტმოქმედია და ბატონი დავით ჭიპაშვილი და სხვები არიან ყველაზე მაღალი დონის პროფესიონალები, რომელთა ნათქვამზეც უნდა იაროს მთელმა საქართველომ? რა თქმა უნდა, ეს იქნება ყველაზე დიდი შეცდომა.
რას ნიშნავს ხელშეკრულების გაწყვეტა?! - გასაგებია, ყველაფრის გაწყვეტა შეიძლება, მაგრამ შენ ხომ უნდა დაამტკიცო საწინააღმდეგო, რომ კონტრაქტის მოშლა რელევანტური და ქვეყნისთვის მომგებიანია. როგორ შეიძლება ვისაუბროთ ნამახვანის პროექტის განმახორციელებელ ინვესტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტაზე, როცა სანთლითაა საძებარი ინვესტორი, რომელიც შენს ქვეყანაში $800-მილიონიან ინვესტიციას ახორციელებს.... და თან მაშინ როცა ინვესტორი გეუბნება, რომ თუ რამე კითხვა გაქვს, მკითხე და გიპასუხებ; ასევე მზადაა, თუ უკვე ჩატარებულ კვლევებს შესწავლა/ვალიდაცია სჭირდება, ესეც მოხდეს. მოკლედ, ჩემთვის ესაა ცნობილი სურათი, რომელიც არაერთ ენერგეტიკულ პროექტში გამომივლია, სამწუხაროდ“, - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.




























