2025 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 16 მილიარდ 252 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 8.8%-ით მეტია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, 8 თვეში ექსპორტი 6.7%-ით 4 მილიარდ 448 მლნ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 9.7% 11 მილიარდ 804 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 7 356.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.3%-ია.
უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ აგვისტოს თვეში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 6.5%-ით არის შემცირებული და 1 მილიარდ 959 მილიონ დოლარს შეადგენს. თვეების მიხედვით, ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი ივლისშიც შემცირებული იყო.
აგვისტოში ექსპორტი 5.9%-ით 602.9 მილიონ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 6.8%-ით 1 მილიარდ 356 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
8 თვის საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს საქსტატი 19 სექტემბერს გამოაქვეყნებს.




























