საქართველოსა და ვენესუელას შორის სავაჭრო კავშირები მცირეა. სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სახელმწიფოსთან საქართველოს მხოლოდ ვაჭრობა და ტურიზმი აკავშირებს.
ვაჭრობის მაჩვენებელი სახელმწიფოსთან, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე დიდი ნავთობის მარაგები აქვს, ძირითადად ექსპორტს ემყარება. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს 11 თვის განმავლობაში საქართველოდან ამ მიმართულებით ჯამში 254 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ, რაც გასული წლის ექსპორტს 41.7%-ით აღემატება.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან ვენესუელაში ყველაზე დიდი რაოდენობით 144.8 ათასი დოლარის ღირებულების იზოლირებული მავთულები და კაბელები გავიდა, 2024 წლის ამავე პერიოდში საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი უფრო მცირე იყო და პირველ ადგილს მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები იკავებდა ($106.7 ათასი).
2025 წლის 11 თვეში ვენესუელაში გაყიდული პროდუქტის 5-ეული ასეთია:
- იზოლირებული მავთულები - $144.8 ათასი;
- მედიცინასა და ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები - $40 ათასი;
- ხის სამშენებლო ნაწარმი - $20 ათასი;
- ხის დაფანერებული მასალები - $13 ათასი;
- აპარატურა ელექტრული 1000 ვ-ზე მეტი ძაბვის წრედების კომუტაციის ან დაცვისათვის - $10 ათასი;
რაც შეეხება ტურიზმს, ეს მაჩვენებლები ასევე მცირეა. 2025 წლის 9 თვეში სამხრეთ ამერიკული ქვეყნიდან საქართველოში სულ 131 ვიზიტი შესრულდა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 27 ვიზიტით მცირეა.
2026 წლის 3 იანვარს აშშ-მა კარაკასში ოპერაცია ჩაატარა და ქვეყნის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო ცოლთან ერთად დააკავა. ამერიკელმა სამხედროებმა ვენესუელაში რამდენიმე სამხედრო ობიექტსაც დაარტყეს. მადუროს დაკავების პარალელურად, ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც ვიცე-პრეზიდენტ დელსი როდრიგესს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაევალა.
აშშ-ის გენერალური პროკურორის განცხადებით, ვენესუელის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს სილია ფლორესს ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონში სისხლის სამართლებრივ საქმეში დასდეს ბრალი, მათ შორის ნარკოტერორიზმით, იარაღისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვისა და ფლობის შეთქმულებაში აშშ-ის წინააღმდეგ. ნიკოლას მადურომ 5 იანვარს სასამართლოში განაცხადა, რომ უდანაშაულოა და თავს ისევ ვენესუელის პრეზიდენტად მიიჩნევს.




























