მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ექსპორტირებული თხილის დიდი ნაწილი უკან დაგვიბრუნეს” - “ვანი ნათსი”

61fa83337cc85
მარიამ იზორია
02.02.22 21:04
14810
საქართველომ 2021 წელს თხილის ექსპორტით $118.3 მლნ მიიღო, რაც 2020 წელთან შედარებით 25.8%-იანი ზრდაა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში თხილს მერვე პოზიცია უჭირავს.

BMG-მ საქსტატიდან თხილის უმსხვილესი TOP-10 ექსპორტიორი კომპანიის სია გამოითხოვა, რომელთა შორის ერთ-ერთი შპს "ვანი ნათსია”, რომელსაც იტალიამ ექსპორტირებული თხილი უკან დაუბრუნა.

კომპანიის დამფუძნებელი მახარე ლემონჯავა ამბობს, რომ ამის მიზეზი 2021 წლის მოსავლის დაბალი ხარისხი იყო. როგორც ის bm.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, უამინდობის გამო ქართულ თხილში აფლატოქსინის ჭარბი რაოდენობა იყო, შესაბამისად ხარისხის კუთხით თხილმა სტანდარტები ვერ დააკმაყოფილა. სწორედ ამიტომ ამ დროისთვის "ვანი ნათსის" მოსავლის 80% ისევ გასაყიდია.

“2021 წელს თხილის დაბალი ხარისხი და სხვადასხვა ბაზრიდან მოსავლის მობრუნების ფაქტები მთლიანად სექტორის პრობლემა იყო. ექსპორტზე გერმანიაში, პოლონეთსა და იტალიაში ჯამში 900 ტონა თხილის გული გავიტანეთ, თუმცა იტალიაში გაგზავნილი თხილის დიდი ნაწილი უკან დაგვიბრუნეს. დაბალი ხარისხის მიზეზი ძირითადად მაღალი ტენიანობის გამო აფლატოქსინის ჭარბი რაოდენობა იყო. ვფიქრობ, პრობლემის აღმოსაფხვრელად ფერმერებმა ბაღებს უკეთ უნდა მოუარონ, შეწამლონ და სეზონისთვის შესაბამისად მოემზადონ.

რაც შეეხება ფასს, საერთაშორისო ბაზარზე ამ მხრივ კარგი მდგომარეობა იყო. რომ არა ხარისხის კუთხით სხვადასხვა პრობლემა და მობრუნების შემთხვევები, სეზონი კარგად ჩაივლიდა” - განმარტავს “ვანი ნათსის” დამფუძნებელი.

"ვანი ნათსმა", რომელიც საქსტატის ინფორმაციით ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია, გასულ წელს, ძირითადად იმერეთში, ჯამში 1800 ტონა თხილი შეისყიდა.