მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ექსპორტისთვის თებერვალი ყოველთვის პასიურია“ - რა ელის ექსპორტის მაჩვენებლებს მომავალ თვეებში?

640f8ef00e999
ალა ისპირიანი
14.03.23 11:31
513
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, თებერვალში იანვართან შედარებით ექსპორტ/იმპორტი მცირედით შემცირდა. გასულ თვეში საექსპორტო ბაზრებზე 455.8 მლნ დოლარის პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. გასულ თვესთან შედარებით მცირედი კლებაა, თუმცა წლიურად ზრდა $27 მილიონია. რაც შეეხება იმპორტს, თებერვალში ქვეყანამ 963.6 მილიონის პროდუქცია შეიძინა, კლებაა როგორც წინა თვესთან, ასევე წლიურ ჭრილში. წლის 2 თვეში კი, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2 მილიარდ 898 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 12.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი $914.7 მლნ იყო, ხოლო იმპორტი $1.98 მლრდ-ია.

ამასთან, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-თებერვალში მილიარდ 68 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 36.9 პროცენტია.


"ექსპორტის განვითარების ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარემ, გვანცა მელაძემ BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა, რომ ექსპორტის მაჩვენებლების მცირედი ზრდა მაისის ბოლოდან დაიწყება.

„ექსპორტის და ვაჭრობის კუთხით თებერვალი ყოველთვის პასიური თვეა, თუმცა ეს ის პერიოდია როცა ექსპორტიორები, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურვეო პროდუქციის მიმართულებით მომუშავე ექსპორტიორები ემზადებიან, რადგან მაისის ბოლოდან უკვე ველოდებით, რომ სხვადასხვა ხილის, ბოსტნეულის მოსავალი მივიღოთ, აქედან გამომდინარე, ექსპორტის კუთხით სწორედ ამ პერიოდში იქნება ცოტა ზრდა.

რაც შეეხება სასმელების სექტორს, იგი კვლავ რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული, - განსაკუთრებით ალკოჰოლური სასმელების სექტორი. მაისის დღესასწაულებისთვის ყოველთვის ხდება მომარაგება და ექსპორტი აქაც სავარაუდოდ გაიზრდება. თუმცა ეს დიდ გავლენას მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე ვერ მოახდენს, რადგან ადგილობრივი ექსპორტის დიდი წილი მაინც ისევ ფეროშენადნობი, სხვადასხვა მეტალები, სასუქები, ავტომობილების რეექსპორტია, ამიტომ ზოგად სურათს ეს ყველაფერი არ შეცვლის“, - განაცხადა გვანცა მელაძემ.

რაც შეეხება ლარის კურსის გავლენას, ექსპორტ/იმპორტის მაჩვენებლებზე, მისი განმარტებით, ნებისმიერ ქვეყანაში როდესაც ექსპორტი და იმპორტი დაბალანსებულია, ეროვნული ვალუტის გამყარება მასზე უარყოფით გავლენას ახდენს, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, მას მაკროეკონომიკურ დონეზე დიდი უარყოფითი გავლენა არ ექნება.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები