მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ექთნების უდიდესი ნაწილი საპენსიო ასაკისაა - "ჯეო ჰოსპიტალსი"

627908aecfc86
მარიამ ადამია
10.05.22 10:15
714
"ჯეო ჰოსპიტალსის" გენერალური დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი BMG-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში საექთნო პროფესიის საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას, რადგან მაღალია გადინების მაჩვენებელი და ასევე, ექთნების უდიდესი ნაწილი საპენსიო ასაკისაა.

„დღეს ექთნების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი საპენსიო ასაკისაა, რაც დამატებითი პრობლემა და გამოწვევაა. ამასთან, სამედიცინო სფეროდან საექთნო პერსონალის გადინება ხდება და მუშაობას კონკურენტ ინდუსტრიებში იწყებენ; ამის მიზეზი კი ბევრია, მათ შორის უმთავრესი დაბალი ანაზღაურებაა. რა თქმა უნდა, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ხელფასები გაიზარდოს და ამ კუთხით, "ჯეო ჰოსპიტალსში" ეტაპობრივად ვმუშაობთ საბონუსე სქემის დანერგვაზე", - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

მისივე თქმით, საჭიროა, სწორი მოტივაციის შექმნა, რომ დარგი გაძლიერდეს და საექთნო პროფესიით მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს.

აღნიშნულ თემაზე BMG “ევექსი ჰოსპიტლების" გენერალურ დირექტორ გიორგი მინდიაშვილსაც ესაუბრა. ის ამბობს, რომ საექთნო მიმართულება ჯანდაცვის სექტორის ქვაკუთხედია და მედიცინის არცერთ სფეროში არაა ასეთი სისტემური პრობლემა.

„ჩემს თანამშრომლებთან და საკუთარ თავთანაც პირობა დავდე, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანაში საექთნო პრობლემა დავძლიოთ,“ - განაცხადა გიორგი მინდიაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში წლის განმავლობაში, დაახლოებით იმაზე 10-ჯერ ნაკლები ექთანი ამთავრებს სასწავლებელს, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება, ხოლო ექთნის და ექიმის შეფარდება, დაახლოებით, 1/1-ზე გვაქვს, რაც საჭირო რაოდენობაზე 3-4-ჯერ ნაკლებია.

ცნობისთვის, USAID-ის პროგრამის - "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და მისი წევრი კომპანიების - "ევექსის ჰოსპიტლების" და "ჯეო ჰოსპიტალსის" - თანამშრომლობის ფარგლებში, გასულ კვირას, საგრანტო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის ფარგლებშიც, "ევექსის ჰოსპიტლები" განახორციელებს საექთნო საქმის მენეჯერთა სერტიფიცირებას ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაზრდის მიზნით, ხოლო "ჯეო ჰოსპიტალსი" იმუშავებს საექთნო საქმის მიმართულებით საგანმანათლებლო რესურსების განვითარებაზე, კომპანიის სამედიცინო დაწესებულებებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები