მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერაყში 1 ფრანგი სამხედრო დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა - პასუხისმგებლობა პროირანულმა დაჯგუფებამ აიღო

ფრანგული არმია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარასკევს დილით დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ ერაყში, ქურთისტანის რეგიონში ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა, რამდენიმე კი დაიჭრა. დაღუპული ოფიცერი არნო ფრიონი ვარსის მე-7 ალპური მსროლელი ბატალიონის წევრი იყო. ის პირველი ფრანგი სამხედროა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი დაწყების შემდეგ დაიღუპა. როგორც ირკვევა, ჯარისკაცები ერბილის რეგიონში ანტიტერორისტული წვრთნების ფარგლებში იმყოფებოდნენ.

მაკრონმა მომხდარს მიუღებელი უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფრანგი სამხედროების ყოფნა ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლას ემსახურება.

„ირანის ომი ვერ გაამართლებს მსგავს თავდასხმებს,“ - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ X-ზე. საფრანგეთის სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, დრონით განხორციელებული დარტყმის შედეგად სულ ექვსი ჯარისკაცი დაშავდა, რომელთაგან გადარჩენილებსაც სამედიცინო დახმარება უკვე უტარდებათ.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პროირანულმა დაჯგუფებამ, „აშაბ ალ-კაჰფმა“ აიღო. მათ განაცხადეს, რომ ამიერიდან სამიზნეში ამოიღებენ ყველა ფრანგულ ობიექტს ერაყსა და რეგიონში. როგორც ირკვევა, ეს მუქარა პირდაპირ კავშირშია საფრანგეთის მიერ ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებასთან, რომელიც პრეზიდენტმა მაკრონმა გასულ კვირას რეგიონში ფრანგული ინტერესების დასაცავად გაგზავნა.

ცნობისთვის, “აშაბ ალ-კაჰფმა” ერბილში იერიში იმავე დღეს იტალიურ ბაზაზეც მიიტანა, თუმცა იქ მსხვერპლი არ ყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები