თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ თაიფ ერდოღანის თქმით, საქართველოში ჩამოვარდნილი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია.
როგორც ერდოღანმა თქვა, გამოძიება მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია. ასევე მან დასძინა, რომ ნაპოვნია 19 დაღუპულის ცხედარი. [ბოლო ცნობებით, ნაპოვნი იყო 18 ადამიანი] მისივე განცხადებით, ქართველ კოლეგებთან ერთად დარჩენილი ცხედრის ძიება მიმდინარეობს. აღნიშნული განცხადება მან დღეს, AK პარტიის პროვინციული თავმჯდომარეების კონგრესზე გააკეთა.
ერდოღანმა დადო პირობა, რომ შემთხვევის ყველა დეტალს ნათელი მოეფინებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო და კომუნიკაციების გენერალური სამმართველო მოსახლეობას ყველა ახალ ინფორმაციას დროულად მიაწვდიდა. მანამდე კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ “არ აჰყოლოდა მოარულ ჭორებსა და ტყუილებს.”
გუშინ, 11 ნოემბერს, თურქეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-130 აზერბაიჯანიდან თურქეთში დაბრუნებისას საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
აზერბაიჯანული სააგენტო apa-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი დატვირთული იყო მხოლოდ გამანადგურებლების (F-16) სათადარიგო ნაწილებით და ბორტზე იმყოფებოდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამ გამანადგურებლებს ემსახურებოდნენ. ჯამში 20 ადამიანი.




























