ეროვნულ ბანკს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტზე შენიშვნები არ აქვს - ამის შესახებ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნინო ჯელაძემ ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
სებ-ის ვიცე-პრეზიდნეტის განმარტებით ეროვნული ბანკი ქვეყნის ბიუჯეტის პროექტს ძირითადად ვალის და დეფიციტის პარამეტრების, ასევე გათვალისწინებული მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმართულებით აფასებს. როგორც ნინო ჯელაძე აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით 34.9%-ის დონეზე ნარჩუნდება, რაც ოპტიმალურ ნიშნულს წარმოადგენს.
"საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტის თანახმად, 2026 წელს, 2025 წლის ბიუჯეტის მოსალოდნელ დონესთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 1.58 მილიარდი ლარით იზრდება და 29.24 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 26.5 პროცენტს შეადგენს. შემოსავლების ზრდა დიდწილად არის განპირობებული საგადასახადო შემოსავლების ზრდით.
შემოსავლების ზრდასთან ერთად, 1.85 მილიარდი ლარით, 24.88 მილიარდ ლარამდე, ანუ მშპ-ს 22.5 პროცენტამდე იმატებს ხარჯების პროგნოზირებული მოცულობა. ხარჯები იზრდება ყველა ძირითად მუხლში. კერძოდ, იზრდება სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით გაწეული დანახარჯები, სადაც ზრდა მთლიანი ხარჯების ცვლილების 48.3 პროცენტს უტოლდება. გაზრდილია შრომის ანაზღაურება (ხარჯების ცვლილების 20.5 პროცენტი), სუბსიდიები (ხარჯების ცვლილების 18.3 პროცენტი), საქონლისა და მომსახურების შესყიდვები (ხარჯების ცვლილების 4.9 პროცენტი), საპროცენტო ხარჯები (ხარჯების ცვლილების 4.5 პროცენტი), და სხვა ხარჯები (ხარჯების ცვლილების 6.5 პროცენტი). გრანტებზე გაწეული ხარჯები 2025 წლის მოსალოდნელ დონესთან შედარებით 55 მილიონი ლარით მცირდება. რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს, მისი დონე 2026 წელს 470 მილიონი ლარით მცირდება. შედეგად, არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდა ჯამურად 320 მილიონი ლარით, 6.88 მილიარდ ლარამდე, ანუ მშპ-ს 6.2 პროცენტამდე იკლებს.
2026 წლის ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, ნაერთი ბიუჯეტის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოდიფიცირებული ფისკალური დეფიციტი 2025 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით 186 მილიონი ლარით, 2 მილიარდ 738 მილიონ ლარამდე იზრდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დეფიციტის ფარდობა ნომინალური მშპ-ს პროგნოზირებულ მაჩვენებელთან 2.5 პროცენტის დონეზე ნარჩუნდება. რაც შეეხება, 2025 წლის მოსალოდნელ მნიშვნელობებთან შედარებით, 2026 წლის დაგეგმილი დეფიციტის ცვლილებაში ძირითადი მდგენელების კონტრიბუციას - შემოსავლების მატების და არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდის გავლენა დადებითია და შესაბამისად, აღნიშნული კომპონენტები შესაბამისად, 1.4 და 0.3 პროცენტული პუნქტით ამცირებენ ბიუჯეტის დაგეგმილ დეფიციტს, ხოლო ხარჯების ზრდის გავლენა საპირისპიროდ -1.7 პროცენტული პუნქტია.
მნიშვნელოვანია, რომ ფისკალური კონსოლიდაცია გრძელდება და, ფისკალური წესის შესაბამისად, ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2026 წლისთვის კვლავ მდგრად დონესთან, 3 პროცენტთან ახლოს ნარჩუნდება. საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის მიხედვით, 2025 წელს ეკონომიკური აქტივობა, რომელსაც მეტწილად საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა განაპირობებს, მისი გრძელვადიანი ზრდის ტემპის, 5 პროცენტის მიმართულებით ეტაპობრივ ნორმალიზებას განაგრძობს. მიმდინარე მდგომარეობით, ეკონომიკის ციკლური პოზიცია კვლავ დადებითია და მოსალოდნელია, რომ 2026 წელს იგი მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება. შესაბამისად, გამოშვების გაპი დაიხურება. ამის ფონზე, ბიუჯეტის დეფიციტის ნეიტრალურ დონეზე შენარჩუნება ოპტიმალურია.
2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების ძირითად წყაროს კვლავ ვალდებულებების ზრდა წარმოადგენს. კერძოდ, ვალდებულებების წმინდა ზრდა 2026 წელს 2.26 მილიარდი ლარი, ანუ მშპ-ს 2 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ ვალდებულებების წმინდა ზრდა მეტწილად საშინაო ვალდებულებებზე მოდის, რომლის წმინდა ზრდაც მილიარდ 726 მილიონ ლარს, მშპ-ს 1.6 პროცენტს შეადგენს. ამავე დროს, საგარეო ვალდებულების წმინდა ზრდა 537 მლნ ლარი, მშპ-ს 0.5 პროცენტია. ფისკალური პოლიტიკის ნეიტრალურ დონეზე შენარჩუნების პარალელურად, აღსანიშნავია, რომ დაბალ დონეზე ნარჩუნდება მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მშპ-სთან და 2026 წლისათვის 34.9 პროცენტით განისაზღვრება. მთავრობის ვალის დაბალი დონე ქვეყნის სუვერენული რისკის შემცირებას უწყობს ხელს და დადებითად აისახება საინვესტიციო გარემოზე.
საქართველოს ეროვნულ ბანკს წარმოდგენილ დოკუმენტზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შენიშვნები არ აქვს,"- განაცხადა ნინო ჯელაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.




























