ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე ლარი უფასურდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 7 თეთრით, ევროსთან კი 6 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 ამერიკული დოლარის ღირებულება 2.84 თეთრი გახდა, ერთი ევრო კი 2.99 ლარი ღირს.
ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ფინანსისტები პირდაპირ უკავშირებენ ბოლო პერიოდის მოვლენებს, „ოცნების“ მთავრობის დეკლარირებულ განაცხადს და ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხის დღის წესრიგიდან 4 წლით მოხსნის გადაწყვეტილებას და ბაზრის ბუნებრივ რეაქციას, როცა გაურკვევლობიდან გამომდინარე ეკონომიკური აგენტები და მოქალაქეები ყიდულობენ უცხოურ ვალუტას.
„შექმნილ ვითარებაში ეროვნულ ბანკს ინტერვენციები არ ეყოფა, ეს პროცესი უკვე სტიქიურია“ - ამბობს bm.ge-სთან კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი. მისი თქმით, საგარეო ფაქტორებზე მეტად ამ ეტაპზე ლარზე ქვეყანაში შექმნილი გაურკვევლობის ფონზე ბაზრის რეაქცია მოქმედებს.
„ლარის გაუფასურება რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. ერთ-ერთი მთავარია ის განცხადება, რომელიც ჩვენმა დე ფაქტო ხელისუფლებამ გააკეთა ევროკავშირთან დაკავშირებით, ეს არის უკვე გაცხადებული პოზიცია. გარე ფაქტორებს რომ შევხედოთ, წნეხს, საინვესტიციო ჭრილში ცხადია ეს მოქმედებს ლარის კურსზე, მაგრამ უფრო მეტად მოქმედებს შიდა ეკონომიკური აგენტების და მოქალაქეების პოზიცია. პირდაპირ გეტყვით, სოციალურ ქსელში მხვდება მოწოდებები მოქალაქეების ერთმანეთის მიმართ, რომ დავაკონვერტიროთ, დეპოზიტები გავიტანოთ, ეს ძალიან დიდი რისკის შემცველი განცხადებები და მოწოდებებია, რადგან პირდაპირ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს ფინანსურ სისტემას და არის ძალიან ცუდი გზავნილები, მაგრამ ეს არის ბუნებრივი შედეგი იმ შეუსმენლობის, რომელიც ქვეყანაშია ხელისუფლების მხრიდან.
წნეხი დოლარზე რომ აიწევდა ამ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო სრულიად ცხადი და ამას თან დაერთო ის, რაც ხდება ქუჩაში და ის პროტესტი, რომელსაც მოსახლეობა გამოხატავს და ის არასტაბილურობა, რომელიც არის სრულიად მოსალოდნელი როგორც ქვეყანაში, ისე ეკონომიკაში მათ შორის დასავლეთის დამოკიდებულების კონტექსტში. ამას თუ დავამატებთ აშშ-ს მთავრობის განცხადებას, რომ ჩვენთან პარტნიორულ ურთიერთობას წყვეტს, ცხადია ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან, კავშირშია, რომ გაცხადებულად ჩვენ ვექტორი გვაქვს შეცვლილი და იმის მიხედვით, როგორ განვითარდება მოვლენები, ძალიან დიდი ალბათობით შეიძლება ეს ეკონომიკური ზონა მოხვდეს სანქციების ქვეშ.
ეროვნულ ბანკს არ უშველის ინტერვენციები. იმედია სწორად მოეკიდება ამ თემას, ეს პროცესი უკვე სტიქიურია. ეს რომ იყოს წინასაარჩევნო პერიოდი, როდესაც ამას აკეთებდა, არჩევნების თარიღი და ლეგიტიმური ხელისუფლება მერე დაალაგებდა სიტუაციას, იმიტომ რომ ეს გარკვეულობა გაჩნდებოდა ბაზარზე რაც სიმყარეში ეხმარება ლარს და შესაბამისად დოლარზე წნეხი არ იქნებოდა ასეთი ღრმა, მაგრამ ამ პირობებში, როცა ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, როდესაც ამხელა წნეხი არის გარეთ და ამხელა პროტესტი გამოიხატება გარეთ და ამას მოჰყვება ძალიან დიდი გაურკვევლობა, ეს გაურკვევლობა არის სწორედ ის, რომელიც იწვევს ლარზე წნეხს, რადგან არ ვიცით ლარი რას იზამს, არ ვიცით ჩვენი ეკონომიკა რას იზამს, შესაბამისად ლარის მიმართ ნდობა არის გაკოტრებული და კიდევ უფრო გაკოტრდება შემდეგ დღეებში“,- აცხადებს მარინა გულედანი.