მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება არ დაუგვიანია“ - მერაბ კაკულია

63ee4fac56321
თელარა გელანტია
17.02.23 00:40
983
სტატიაში საუბარია:
საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის და ამჟამად, რონდელის ფონდის ფინანსური სტაბილურობისა და კონკურენტუნარიანობის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის, GIPA-ს პროფესორის მერაბ კაკულიას აზრით, „საზოგადოებასა და ბიზნესწრეებში ინფლაციური მოლოდინი საკმაოდ ძლიერია“.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა #წერტილში ამ თემაზე საუბრისას განაცხადა და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რაც ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს.

საქმე ის არის, რომ ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც 18 000 ბიზნესსუბიექტის გამოკითხვას ეყრდნობა, იანვარში დეკემბერთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. კერძოდ, მომატებულია იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო ერთი წლის მანძილზე ფასების 8%-ზე მეტად გაზრდას ფიქრობს. ამავდროულად, გასულ თვეში შემცირებულია იმ მონაწილეთა რაოდენობა, რომლებმაც 1 წლის შემდგომ ფასების ზრდა 4%-6%-თან ახლოს დააფიქსირეს.

„პირველ რიგში, ეს ალბათ იმით არის გამოწვეული, რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე ინფლაციის ფაქტობრივი დონე მნიშვნელოვნად იყო გადახრილი მიზნობრივი მაჩვენებლიდან, რაც თავისთავად წარმოშობს ინფლაციურ მოლოდინებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია დიდი გაურკვევლობა, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან. შესაბამისად, ეკონომიკური აქტორები თვლიან და ზოგადად, საზოგადოება მიიჩნევს, რომ ფასები ალბათ უფრო მეტი ალბათობით მნიშვნელოვნად გაიზრდება, ვიდრე სტაბილური იქნება ან შემცირდება“, - აღნიშნა მერაბ კაკულიამ.

კითხვაზე - რა ფაქტორებმა შეიძლება შეაფერხოს წელს ინფლაციის მოთოკვა, რომელიც ორნიშნა ნიშნულს დეკემბერში ჩამოსცდა და იანვარში წლიური ინფლაცია 9.4%-მდე შემცირდა, რონდელის ფონდის წამყვანმა მკვლევარმა ერთ-ერთ ფაქტორად ეკონომიკური ზრდის ტემპი დაასახელა.

„რა თქმა უნდა, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასიათასობით მიგრანტი, რომლებიც ომის დაწყების შემდეგ შემოვიდა საქართველოში და მოთხოვნის ზრდაზე აისახა. ეს კი, ყოველთვის არის ინფლაციის ფაქტორი“, - აღნიშნა მან, თუმცა იქვე დასძინა, რომ გლობალურად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პოლიტიკა, სურსათზე ფასების კლების ტენდენცია და ასევე, ლოგისტიკასთან დაკავშირებული ტარიფების შემცირება, სავარაუდოდ, ინფლაციის კლებას დაეხმარება.
„ამ ფაქტორებს ემატება ლარის გაცვლითი კურსის აღმავალი დინამიკა, რაც, რა თქმა უნდა ანეიტრალებს მიწოდების მხრიდან მომავალ ინფლაციურ იმპულსებს“, - დასძინა მერაბ კაკულიამ.

სებ-ის ყოფილ ვიცეპრეზიდენტს #წერტილში ეროვნული ბანკის პოლიტიკაც შევაფასებინეთ.

„ეროვნული ბანკი საკმაოდ რაციონალურად იქცეოდა. მას არ დაუგვიანია მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება. ძალიან ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენათა განვითარებას და შეიძლება ითქვას, რომ დროულად ჩაერია ინფლაციის მოთოკვის პროცესში იმ ინსტრუმენტებით, რომლებიც გააჩნია“, - განაცხადა მერაბ კაკულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები