მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეროვნული ბანკი ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ტყუილია" - ნამჩავაძე

ბესო ნამჩავაძე

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე წერს, რომ ტყუილია ეროვნული ბანკის განცხადება, რომ თითქოს სავალუტო რეზერვები მაქსიმალურ მაჩვენებელზეა. ეკონომისტი სებ-ის გადაწყვეტილებას აფასებს 60 მლნ დოლარის გაყიდვასთან დაკავშირებით.

BM.GE პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ დოლარი გაყიდა, რამაც ლარის კურსი შემოაბრუნა. ერთ დღეში სავალუტო ბაზრისთვის მიწოდებული 60 მლნ დოლარი მნიშვნელოვანი თანხაა და შეუძლია წონასწორობის აღდგენა მაგრამ, უფრო საინტერესო ეროვნული ბანკის პრესრელიზია.

პირველად ვნახე, რომ ბანკი არ ამბობს, რა კურსით გაყიდა სავალუტო აუქციონზე დოლარი. ანუ როდის ჩაერია, 2.83-ზე, თუ ნაკლებზე? ამასთან, ინტერვენციის კურსი ახლოს არის ხოლმე ახალ წონასწორულ კურსთან და ახლა გაუგებარია, ეს რა კურსია გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც ტყუილია.

30 აპრილს რეზერვები იყო 4.8 მლრდ დოლარი, რაც 11%-ით (623 მლნ დოლარით) ნაკლებია 2023 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე. თუ მხოლოდ უცხოურ ვალუტას ვნახავთ (რისი გამოყენებაც ხდება ლარის კურსის სტაბილურობისთვის), ვალუტის რეზერვები 3.8 მლრდ დოლარია. აგვისტოში 1.1 მლრდ დოლარით მეტი, 4.9 მლრდ იყო.

ეროვნული ბანკი ამბობს, რომ სტაბილურია საგარეო შემოდინებები, რაც ასევე ტყუილია. ფულადი გზავნილები, რაც საქართველოში ვალუტის შემოსვლის მნიშვნელოვანი წყაროა, იანვარ-აპრილში 33%-ით (542 მლნ დოლარით) შემცირდა (გასულ წელთან შედარებით). კლების მიზეზი რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირებაა, ევროპიდან და აშშ-დან გზავნილები მზარდია. ასევე, იანვარ-აპრილში საქონლის ექსპორტი შემცირდა 10%-ით და შედეგად სავაჭრო დეფიციტი 467 მლნ დოლარით გაიზარდა. ვალუტის შემოდინება-გადინების ბოლო თვეების სხვა მონაცემები ჯერ არ ვიცით, მაგალითად ტურიზმი, ინვესტიციები", - წერს ნამჩავაძე.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა მოგვიანებით განაცხადა, რომ აუქციონზე საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7580 შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები