ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში ინფლაცია წინა თვესთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით 4.8%-მდე შემცირდა, მაინც მნიშვნელოვანია რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შენარჩუნდეს.
ეროვნული ბანკის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ სებ-ი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას განიხილავს თუკი ინფლაცია სებ-ის სამიზნე 3%-ს დაუახლოვდება. ამასთან, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიუთითებს, რომ მაღალინფლაციური სცენარის რეალიზების შემთხვევაში, არც განაკვეთის გაზრდას არ გამორიცხავენ.
"მაკროეკონომიკური ანალიზისა და ზემოხსენებული სცენარების განხილვის შედეგად, მპკ-მ ოპტიმალურად მიიჩნია ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, უცვლელად, 8 პროცენტზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება მომავლის განახლებულ მონაცემებსა და რისკების რეალიზებაზე. ცენტრალური სცენარის შესაბამისად, მხოლოდ მას შემდგომ, რაც მიმდინარე ერთჯერადი ფაქტორები ამოიწურება და ინფლაცია დაუახლოვდება მიზნობრივ დონეს, ეროვნული ბანკი გააგრძელებს მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზებას. თუმცა, თუ სხვადასხვა ერთჯერადი ფაქტორების ზეგავლენის შედეგად ინფლაცია მიზნობრივზე მაღალ დონეზე ხანგრძლივად შენარჩუნდა, მპკ მზად არის არსებული მკაცრი პოზიციის მოსალოდნელზე ხანგრძლივად შეინარჩუნოს და, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მეტად გაამკაცროს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2026 წლის 11 თებერვალს ჩატარდება.




























