საქართველოს ეროვნული ბანკი IMF-ის ტექნიკური დახმარების მისიის გადადებაზე განმარტებას აკეთებს და ირწმუნება, რომ ტექნიკურ მისიასთან შეხვედრა „უახლოეს პერიოდში“ შედგება.
საქმე ის არის, რომ როგორც დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმiვმა წარმომადგენელმა ენდრიუ ჯუელმა BMG-სთან განაცხადა, “ეროვნულმა ბანკმა IMF-ისგან ტექნიკური დახმარების მისია მოითხოვა, რათა შეგვეფასებინა მათ მიერ უკვე გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაციები, რომლებსაც გავცემთ. ეს მისია მიმდინარე კვირას უნდა ჩატარებულიყო, თუმცა პრეზიდენტ ნათია თურნავას ჩინეთში გამგზავრების გამო, გაურკვეველი ვადით გადაიდო”.
BMG-მ ენდრიულ ჯუელის განცხადებაზე განმარტება სებ-ს სთხოვა და მათ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს ეროვნულო ბანკის მიერ სსფ-თვის მოთხოვნილი ტექნიკური დახმარების მისია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გრაფიკში განხორციელებული ცვლილებების გამო, სსფ-თან შეთანხმების საფუძველზე მხოლოდ დროებით გადაიდო.
შეხვედრა, რომელიც ჯერ კიდევ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის ყოველწლიური შეხვედრების ვიზიტისას დაიგეგმა უახლოეს პერიოდში შედგება. ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს ახალი თარიღის შეთანხმება.
შეგახსენებთ, რომ საუბარია ტექნიკურ მისიაზე, რომლის ფარგლებშიც შეფასდება სსფ-ის რეკომენდაციების შესაბამისად უკვე გადადგმული ნაბიჯები და იქნება მსჯელობა სამომავლო ცვლილებებზე“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ცნობისთვის: საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ჩინეთში, „ქართული ოცნების“ მთავრობის დელეგაციას ახლავს, რომელსაც ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.




























