ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ სებ-ი ქვეყანაში მესამე სვეტის საპენსიო სისტემის შემოღებას მხარს უჭერს. ეს არის საპენსიო სისტემის საბოლოო - ნებაყოფლობითი საფეხური, რომლის შესახებაც ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს განხილვები.
კანონპროექტის მიღების შემდეგ მოქალაქეებს გაუჩნდებათ დამატებითი არჩევანი, საგადასახადო შეღავათებით დააბანდონ თანხა კერძო დაგროვებით საპენსიო ანგარიშზე და პენსიაზე გასვლის შემდეგ თანხა დაგროვებითი საპენსიო ანგარიშიდანაც მიიღონ.
მესამე სვეტის პენსიის ბენეფიციარები ამ თანხას მიიღებენ როგორც მეორე სვეტის, ანუ სავალდებულო დაგროვებით პენსიასთან, ასევე სახელმწიფო უნივერსალურ (საბაზო პენსიასთან) ერთად.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, მესამე სვეტის პენსიების შემოღება მოსახლეობის ნაწილს უზრუნველყოფილი სიბერის გარანტიას მისცემს, ამასთანავე, ის ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
“საპენსიო სისტემის მესამე სვეტი არის საპენსიო სისტემის შემადგენელი ნაწილი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს პირველი სვეტი ანუ უნივერსალური პენსია (სახელმწიფო პენსია); არის მეორე დაგროვებითი სისტემა და მესამე ნებაყოფლობითი დაზოგვის სვეტი, რა მხრივაც მიმდინარეობს მუშაობა. ვთვლით, რომ ძალიან კარგი საკანონმდებლო ინიციატივაა და ხელს შეუწყობს დაზოგვას. არის გათვალისწინებული გარკვეული საგადასახადო შეღავათები და გარკვეული წამახალისებელი ღონისძიებები. ეროვნული ბანკი მოწოდებული ვართ, რომ წავახალისოთ და გავზარდოთ დაზოგვა ქვეყანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი საპენსიო ასაკის დროს უკეთესად ვიყოთ უზრუნველყოფილი,”- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.