მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი რეკორდულად დიდი $65-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციის შესახებ განმარტებას აკეთებს

სებ

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა. ამ თანხიდან ბაზარმა 64.9 მილიონი დოლარი აითვისა. სებ-მა წინა ინტერვენცია 8 ოქტომბერს განახორციელა, რომელზედაც 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად მხოლოდ მიმდინარე თვეში ინტერვენციების გზით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113.4 მილიონი დოლარი გაყიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბაზარზე გამოტანილი 70 მილიონი დოლარი და რეალიზებული 64.9 მილიონი დოლარი რეკორდულ ინტერვენციას წარმოადგენს. აქამდე სებ-ის ინტერვენციის მაქსიმალური ოდენობა 60 მილიონი დოლარი იყო.

ეროვნული ბანკი დღევანდელიი ინტერვენციის მიზეზებზე განმარტებას აკეთებს - სებ-ის განცხადებით, გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების ეფექტები, რომლებიც გაცვლით კურსზე ახდენენ გავლენას, სწორედ ამ ეფექტების შემცირებისთვის და ბაზარზე დამატებითი ლიკვიდობის მიწოდებისთვის სებ-ი სავალუტო აუქციონებს მიმართავს.

სავალუტო ბაზარზე გრძელდება ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებიდან მომდინარე ეფექტი, რაც ლარის გაცვლით კურსზე ახდენს გავლენას. ჭარბი მერყეობის თავიდან არიდების მიზნით, დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება მიიღო.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბოლო პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი მერყეობები მოკლევადიანია.

შეგახსენებთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ქვეყანაში კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. წინასწარი მონაცემებით, სექტემბერში საქონლის ექსპორტი 17%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 4.1%-ით შემცირდა, ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს,"- ნათქვამიია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეროვნულმა ბანკმა 2024 წელს სავალუტო აუქციონების გზით სულ 282 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები