მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე $60 მილიონის გამოტანის მიზეზს განმარტავს

სები

დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი განახორციელა და ლარის კურსზე დაწოლის შესამცირებლად გასაყიდად 60 მილიონი დოლარი გამოიტანა. სებ-ის ინფორმაციით, გამოტანილი 60 მილიონი დოლარიდან ბაზარმა 48.5 მილიონი დოლარი აითვისა.

ეროვნული ბანკი დღევანდელ აუქციონთან დაკავშირებით განმარტებასაც აქვეყნებს. სებ-ის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ქვეყანაში ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც კურსზე წნეხი წარმოშვა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამას თან დაერთო ქართული კომპანიის მიერ დივიდენდის გეგმური გაცემაც, რაც სებ-ის შეფასებით მსხვილ ერთჯერად ტრანზაქციაა და მისი განეიტრალებისთვის ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდება არის მნიშვნელოვანი.

"ბოლო დღეებში, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნის დაფიქსირებამ ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა, რაც ძირითადად გამოწვეული იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციებით, კონკრეტულად, დივიდენდების გეგმური გაცემის გამო. არსებული წნეხის შემსუბუქების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო.

აქვე განვმარტავთ, რომ მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პირობებში, გაცვლითი კურსი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. ბოლო პერიოდში, სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები კი მაკროეკონომიკურ ფაქტორებს არ უკავშირდება და შესაბამისად, ასეთი ტიპის მერყეობები მოკლევადიანია. მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები კვლავ ძლიერია - ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, 2023 წლიდან მოყოლებული ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია. ამასთანავე, საგარეო სავალუტო შემოდინებები ძლიერია, რაც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მდგრად დონეზე შენარჩუნებას უწყობს ხელს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გუშინ სებ-მა 2024 წლის სექტემბრის სავალუტო რეზერვების სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ თვეში ოფიციალური სავალუტო რეზერვები 126 მილიონი დოლარით შემცირდა და მან 4.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2024 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სულ 4 სავალუტო აუქციონით 217 მილიონი დოლარი გაყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები