მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეროვნული ბანკი: საქართველოში სესხების მშპ-სთან ფარდობა 2020 წელს 80%-მდე გაიზარდა

603618a463b4c
შოთა ტყეშელაშვილი
24.02.21 13:18
768
საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლის კრიზისის ფონზე, ქვეყანაში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა 80%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2019 წელს ეს მაჩვენებელი 70%-ზე დაბლა იყო.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით მაღალია, რაც გაზრდილ გეპთან ერთად, ვალის ტვირთის და მოწყვლადობის ზრდაზე მიუთითებს. იმის გათვალისწინებით, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალია, ხოლო სესხები კი უფრო მოკლევადიანი, ვალის მომსახურების რეალური ტვირთი საქართველოში კიდევ უფრო მაღალია. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს და სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის რისკები არ დაგროვდეს,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასთანავე, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში უმოქმედო სესხების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და საბანკო სისტემის 8.4%-ს შეადგენს.

“მოსალოდნელია, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ეს მაჩვენებელი 10%-ს მიაღწევს. ეს პროგნოზი საბაზო სცენარს ეფუძნება და ბანკებს შესაბამისი რეზერვი უკვე შექმნილი აქვთ, ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, კომიტეტის შეფასებით, 2021 წელს საბანკო სექტორი მდგრადობას შეინარჩუნებს და ეკონომიკის შეუფერხებლად დაკრედიტებას გააგრძელებს,”- აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

გადაწყვეტილებაში საუბარია საბანკო სექტორის კაპიტალის ბუფერებზეც, რომლებიც 2020 წელს კრიზისის დაწყების დროს შემსუბუქდა. სებ-ის გადაწყვეტილების თანახმად, ბუფერების აღდგენის პროცესი კომიტეტის შემდეგი სხდომიდან დაიწყება და სხვადასხვა ბუფერების შესავსებად ბანკებს 1 და 2 წლის ვადება მიეცემათ.

“სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR) ბუფერის აღსადგენად ბანკებს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 1 წელი მიეცემათ, ხოლო კონსერვაციის ბუფერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად კი, 2 წელი. ამასთან, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მიმდინარე წლის მარტში დაგეგმილი კონცენტრაციის ბუფერისა და წმინდა GRAPE ბუფერის ახალი განაკვეთების ამოქმედება და წლის ბოლოს დაგეგმილი სისტემურობის ბუფერის ზრდა. ბანკებში არსებული კაპიტალის ბუფერების და მოსალოდნელი მომგებიანობის გათვალისწინებით, გამოთავისუფლებული კაპიტალის ბუფერების მოთხოვნის აღდგენა საკრედიტო აქტივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს,”- აცხადებს ეროვნული ბანკი.

ეკონომიკის აღდგენის ტენდენციებთან დაკავშირებით კი სებ-ი მაღალ გაურკვევლობაზე მიუთითებს.

“კვლავ ნარჩუნდება მაღალი გაურკვევლობა, მათ შორის, ვაქცინაციის ჩატარების და პანდემიის დასრულების ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს,”- აცხადებს ეროვნული ბანკი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები