საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი ტურიზმი და გაზრდილი ადგილობრივი მოთხოვნაა. ჯამურად, იანვარ-ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 10.3% შეადგინა, საქართველოს მთავრობა კი წლის განმავლობაში 8.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.
2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 2.77 მილიონი უცხოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 189%-ით მეტია.
ეროვნულმა ბანკმა ტურიზმის გაზრდილი ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში ისაუბრა. სებ-ის თანახმად, ზრდაზე ასევე დადებით გავლენას ახდენს საბანკო დაკრედიტების კარგი ტემპიც.
"წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველი შვიდი თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ტურისტული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატებაა. თუმცა ძლიერია შიდა მოთხოვნაც, რაც ინფლაციის უფრო სწრაფ შემცირებას აფერხებს. შიდა მოთხოვნის სიძლიერის ხელშემწყობია დაკრედიტების შედარებით მაღალი ზრდის ტემპი, რისი ძირითადი მიზეზი სამომხმარებლო და უცხოური ვალუტის სესხებია, რომელთა შენელებაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდას ნაკლები გავლენა აქვს. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პარალელურად, მაკროპრუდენციული ინსტრუმენტებიც აამოქმედა, რაც სესხების ზრდის ტემპს უკვე დაეტყო და ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. ასევე, მოსალოდნელია, რომ წამყვანი ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის განხორციელებულ და დაანონსებულ გამკაცრებას, საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. ამავდროულად, აშშ დოლარის მსგავსად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ევროთი მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე დარიცხვას ფიქსირებულად 0 პროცენტზე განსაზღვრავს,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























