საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ქვეყანაში მაღალი ინფლაციის რისკის ეკონომიკური სცენარი განიხილა - ამის შესახებ სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში არის აღნიშნული. სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
სებ-ი აღნიშნავს, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ინფლაცია 3%-იანი მაჩვენებლის მიდამოში იქნება, ხოლო მეორე ნახევარში ის სამიზნე 3%-ს დროებით გადააჭარბებს. თუმცა, სებ-მა განიხილა ამაზე უფრო მაღალი და დაბალი ინფლაციის რეალიზების სცენარებიც. სებ-ი მიუთითებს, რომ უფრო მაღალი ინფლაციის სცენარის რეალიზების შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთის მატებას განიხილავენ.
"იმისათვის, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში წარმოქმნილი შესაძლო რისკები ოპტიმალურად მართოს, სებ-ი ცენტრალურ სცენართან ერთად სხვადასხვა სცენარსაც განიხილავს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, ერთი მხრივ, განიხილა მაღალინფლაციური რისკის სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ეს რისკ სცენარი მოიაზრებს გაურკვევლობის ხანგრძლივად შენარჩუნებას, რაც გეოპოლიტიკურ მდგომარეობას მეტად გაამწვავებს. ამ რისკების რეალიზება გარე ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს გაზრდის, ხოლო ეკონომიკურ ზრდას კი, მის გრძელვადიან ტრენდთან შედარებით, შეანელებს.
მეორე მხრივ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა დაბალინფლაციური რისკის სცენარი, რომლის რეალიზების შემთხვევაში ფუნდამენტური პროცესები მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო დაბალ ტრაექტორიას მოითხოვს, ვიდრე ცენტრალური სცენარი. ეს რისკ-სცენარი მოიაზრებს გეოპოლიტიკური მწვავე მდგომარეობის დეესკალაციას, რაც საგარეო ფაქტორებიდან მომდინარე ინფლაციურ წნეხს შეამცირებს, ხოლო ეკონომიკურ ზრდას, შემცირებული სუვერენული რისკის პრემიის ფონზე, გრძელვადიან ტრენდთან შედარებით უფრო მეტად გაზრდის.
ეკონომიკის მიმდინარე მდგომარეობისა და საპროგნოზო სცენარების ანალიზის შედეგად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ოპტიმალურად მიიჩნია განაკვეთის შემდგომი ნორმალიზების მიმართ ფრთხილი მიდგომის არჩევა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა. რისკების მილევასთან ერთად, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ 7%-იან დონემდე ეტაპობრივად ნორმალიზდება. თუკი, შემდგომ სხდომაზე, მაკროეკონომიკური მონაცემები რისკების უფრო ინფლაციურ ან დისინფლაციურ რეალიზებას გამოკვეთს, კომიტეტი შესაბამისი სცენარისკენ გადაიხრება," - ნათქვამია სებ-ის პრესრელიზში.




























