„ეროვნული ბანკის მართვის საკითხებში უნდა მოხდეს ფუნდამენტური ცვლილებები. დღეს რაც არის, ეს არის ფაქტობრივად არაეფექტიანი და უკონტროლო მართვა“,-ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და მოქმედი დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს არავითარი ფუნქცია არ აქვს და საბჭოს მოდელი, რომელიც 30 წელია მუშაობს, თავიდან ბოლომდე ახლიდან არის დასაწერი.
„ბანკს მართავს აღმასრულებელი პირები - პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, დანარჩენი არის ბუტაფორია. ეს სულაც არ არის საწყენი ამ ადამიანებისთვის[საბჭოს წევრებისთვის], ასეთია ჩამოყალიბებული პრაქტიკა.
უნდა შეიცვალოს საბჭოს წევრებისადმი მოთხოვნა, შესაბამისობის კრიტერიუმი უნდა იყოს შეცვლილი. ჩვენ ახლა კანონპროექტი წარმოვადგინეთ, რომლის მიხედვითაც სებ-ის საბჭოს წევრს არ უნდა ჰქონდეს მუშაობის უფლება კომერციულ საბანკო დაწესებულებაში სულ მცირე 1 წლის განმავლობაში. ახლა 6 თვის მერე შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ და აქაც შესაძლებელია ლობირების და სხვადასხვა ინტერესების გამოხატულება.
თავიდან ბოლომდე არის დასაწერი საბჭოს მოდელი, რომელიც 30 წელია მუშაობს. დღეს ერთმმართველობაა ჩამოყალიბებული, არანაირი ზემოქმედება საბჭოს არავითარ პროცესზე არ შეუძლია და ამას ხელს უწყობს სებ-ის შესახებ მოქმედი კანონი.
რაც შეეხება ბანკის აღმასრულებელ ნაწილს, ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, რაც შეუძლია პრეზიდენტმა მიიღოს, ესეც ნონსენსია, რაც უნდა შეიცვალოს“,-აცხადებს BM.GE-სთან ინტერვიუში რომან გოცირიძე.
ის, რომ ეროვნული ბანკის ორგანული კანონი შეუსაბამოა ცენტრალური ბანკების მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკასა და აღიარებულ პრინციპებთან, ამაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი აცხადებს.IMF-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში მომზადებულია პროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის მმართველობის მოდელის მოდერნიზაციას და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა თქვა, რომ სების შესახებ კანონში ცვლილებები და პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტის დამკვიდრება ეროვნულ ბანკში მისიის მიერ შემოთავაზებულ მმართველობის მოდელებთან წინააღმდეგობაში იყო.