ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, სებ-ის მიერ გუშინ განხორციელებული სავალუტო ინტერვენცია იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, რომელიც ზეწოლის თავიდან ასაცილებლად და არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბების გასანეიტრალებლად განხორციელდა. როგორც BM.GE-სთან ინტერვიუში მიქაბაძემ აღნიშნა, როგორც წესი, ეროვნული ბანკი ზედმეტი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით ყიდის ხოლმე ვალუტას.
„ამ ეტაპზე ფუნდამენტური ფაქტორებიდან წონასწორულ კურსზე გავლენა არ ფიქსირდება, ეკონომიკური ზრდა მაღალია, 2023 წლიდან ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებლებზე ქვემოთაა. საგარეო შემოდინებების თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციებია. საგადასახდელო ბალანსიდან ზეწოლა კურსზე არ ფიქსირდება. ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ინტერვენციებს მივმართავთ ძირითადად ორი მიზნით: პირველი არის რეზერვების შევსება, რათა რეზერვები ადეკვატურ დონეზე შევინარჩუნოთ, რაც გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტიაა. თუმცა იმ შემთხვევაში, როცა სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული ჭარბი მერყეობა ფიქსირდება ბაზარზე, რომელიც არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ფაქტორებით, ჩვენ ვყიდით კიდეც უცხოურ რეზერვს. ასეთი შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე.
ეს არის ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია, რომლის ეფექტი გაგრძელდა. სწორედ ამ ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად და არასწორი მოლოდინების ჩამოყალიბების გასანეიტრალებლად, განხორციელდა ინტერვენცია. ზედმეტი მერყეობის შესარბილებლად, იქნება ეს გამოწვეული გაურკვევლობით, თუმცა ძირითადი მიზეზი იყო ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქცია... არაფუნდამენტური ფაქტორებიდან გამომდინარე, ზედმეტი მერყეობის თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება, როგორც წესი, ჩვენ მიერ ვალუტის გაყიდვა. ფუნდამენტური ფაქტორებიდან გამოწვეულ გაუფასურებას არა და ვერ შეებრძოლება ვერცერთი ცენტრალური ბანკი და ვერცერთი რეზერვი, შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოკლევადიან ეფექტებს გარკვეულწილად ვანეიტრალებთ“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
ეროვნულმა ბანკმა გუშინ 2024 წლის რიგით მეხუთე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და აუქციონზე გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 64.9 მილიონი დოლარი აითვისა.
როგორც bm.ge-ის ფინანსისტმა აკაკი ცომაიამ განუცხადა, „ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების გაყიდვა წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება“.
ცნობისთვის, სებ-მა წინა ინტერვენცია 8 ოქტომბერს განახორციელა, რომელზედაც 48.5 მილიონი დოლარი გაყიდა, შესაბამისად მხოლოდ მიმდინარე თვეში ინტერვენციების გზით ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 113.4 მილიონი დოლარი გაყიდა. მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ბაზარზე გამოტანილი 70 მილიონი დოლარი და რეალიზებული 64.9 მილიონი დოლარი რეკორდულ ინტერვენციას წარმოადგენს. აქამდე სებ-ის ინტერვენციის მაქსიმალური ოდენობა 60 მილიონი დოლარი იყო.