მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორზე კლიმატის კრიზისის ეფექტი შეაფასა

შტორმი უამინდობა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სებ-მა შეაფასა სხვადასხვა ჰიპოთეტური რისკ-სცენარი, რომლებსაც საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სტაბილურობაზე შეიძლება ჰქონდეთ ნეგატიური გავლენა. სებ-ის შეფასება მოიცავს უხვი ნალექისა და ქარიშხლის ეფექტებს.

ეროვნული ბანკის შეფასებით კლიმატურ კრიზისებს, ისეთებს როგორიცაა ქარიშხალი და თუ უხვი ნალექი საფინანსო სისტემას საყურადღებო მოცულობის ზიანი მიაყენოს, თუმცა სებ-ის თანახმად, მთლიანად საფინანსო სისტემა კარგად კაპიტალიზებულია და სექტორს მსგავსი გამოწვევის გადალახვა შეუძლია.

სებ-ი აღნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულმა რისკებმა, რომელიც მოიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე გარდამავლობის რისკებს, შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას. ფიზიკურმა რისკებმა, როგორიცაა ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენები (მაგალითად, უხვი ნალექი, ქარიშხალი), შეიძლება მყისიერად და მნიშვნელოვნად შეაფერხოს ეკონომიკური აქტივობები. ამავდროულად, გარდამავლობის რისკები, რომელიც დაბალ-ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლასთან არის დაკავშირებული, ეკონომიკაში შესაძლო გრძელვადიან სტრუქტურულ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. ორივე სახის რისკს გააჩნია პოტენციურად უარყოფითი გავლენა აქტივების ღირებულებაზე, საკრედიტო რისკსა და ფინანსური ბაზრების ფუნქციონირებაზე, რაც, თავის მხრივ, ფინანსური სისტემის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს.

"მნიშვნელოვანია ფინანსური სექტორის მარეგულირებელმა ორგანოებმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები რეგულარულად შეაფასონ, რათა პოტენციური უარყოფითი ზემოქმედების მიმართ ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობა უზრუნველყონ. აღნიშნულ პროცესში სტრეს-ტესტს არსებითი როლი აკისრია, რადგან იგი საშუალებას იძლევა შეფასდეს ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სცენარების პირობებში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო შეიმუშავა რომელიც, როგორც მწვავე ფიზიკური რისკების, ასევე გარდამავლობისა და ქრონიკული ფიზიკური რისკების შესაფასებლად, სხვადასხვა ანალიტიკურ მოდულებს აერთიანებს. ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა, რაც თავის მხრივ სტრეს-ტესტებით მიღებული შედეგების სანდოობას უწყობს ხელს.

ეროვნული ბანკის კლიმატის სტრეს-ტესტის ჩარჩო “Top-down” (“ზემოდანქვემოთ”) მიდგომას იყენებს, რომელიც ბანკის ამჟამინდელ სტრეს-ტესტის მეთოდოლოგიას ეფუძნება და სხვადასხვა სატელიტურ მოდელებსა და ინსტრუმენტებს აერთიანებს. კლიმატთან დაკავშირებული მოწყვლადობის შეფასებისას აღნიშნული ჩარჩო რისკების შეფასებას როგორც შინამეურნეობების, ასევე კორპორატიულ პორტფელის დონეზე ახდენს.

ჩარჩო ოთხი ძირითადი მოდულისგან შედგება:

1) მწვავე ფიზიკური კლიმატის რისკის მოდულის მიზანი საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემაზე ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების უშუალო ზეგავლენის შეფასებაა. ეს მოდული ისტორიული მონაცემების, სცენარების შემუშავებისა და მოდელირების მეთოდოლოგიის გამოყენებით კონკრეტული საფრთხეებისგან, როგორიცაა, უხვი ნალექი და ქარიშხლები, ეკონომიკურ ზიანს აფასებს. ეს პროგნოზები შემდეგ უფრო ფართო ეკონომიკური გავლენის, მათ შორის მშპ-სა და სექტორულ დონეზე პოტენციური რისკების შესაფასებლად გამოიყენება.

2) გარდამავლობის რისკისა და ქრონიკული ფიზიკური რისკის მოდულის მიზანია საქართველოს ეკონომიკასა და ფინანსურ სისტემაზე კლიმატის თანდათანობით ცვლილებასთან და დაბალი ემისიის ეკონომიკაზე გადასვლასთან დაკავშირებული რისკების შეფასება. ეს მოდული, ისეთი სცენარების ანალიზით როგორიცაა დაგვიანებული გარდამავლობის სცენარი (delayed transition pathways), აფასებს პოლიტიკის მოულოდნელმა ცვლილებებმა, ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და საბაზრო დინამიკამ ფინანსურ სექტორზე თუ როგორ შეიძლება მოახდინოს გავლენა.

3) კორპორატიული სექტორის სტრეს-ტესტის მოდულის მიზანია კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარის პირობებში კორპორატიული პორტფელისთვის უმოქმედო სესხების (NPL) წილსა და შესაბამისად, საბანკო სექტორის კაპიტალის ადეკვატურობაზე პოტენციური გავლენის შეფასება. აღნიშნულ ანალიზში გამოყენებულია, როგორც მწვავე ფიზიკური, ასევე გარდამავლობისა და ქრონიკული ფიზიკური რისკების სცენარები. ეს მოდული საფუძვლიანი ანალიზის საშუალებას იძლევა, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულმა რისკებმა სხვადასხვა სექტორებზე, განსაკუთრებით ისეთ ინდუსტრიებზე, რომლებიც ნახშირბადინტენსიურია ან/და ნაკლებად შეუძლია კლიმატის პოლიტიკასთან დაკავშირებული ხარჯების მომხმარებლებზე გადაცემა.

4) შინამეურნეობების სექტორის სტრეს-ტესტის მოდული შინამეურნეობების სესხებზე კლიმატთან დაკავშირებული რისკების გავლენის შეფასებას ისახავს მიზნად. კერძოდ, კლიმატის ცვლილების სხვადასხვა სცენარის პირობებში, ისეთი ძირითადი ცვლადების პროგნოზებზე დაყრდნობით, როგორიცაა უძრავი ქონების ფასები და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტები, უმოქმედო სესხებსა და კაპიტალის ადეკვატურობაზე პოტენციური გავლენის შეფასება ხდება.

ყველა ეს მოდული ურთიერთდაკავშირებულია და ერთიანი ჩარჩო კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული პოტენციური ეკონომიკური შეფერხებებისა და ფინანსური სტაბილურობის რისკების შეფასებას ემსახურება.

კლიმატის სტრეს-ტესტი აფასებს ფინანსური სისტემის მდგრადობას ალტერნატიული სცენარის შემთხვევაში საბაზო სცენართან შედარებით. საბაზო სცენარში მაკროეკონომიკური ცვლადების პროგნოზები მიღებულია ეროვნული ბანკის მოდელებიდან და შეფასებებიდან და თანხვედრაშია მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის ანგარიშებში გამოქვეყნებულ პროგნოზებთან. ალტერნატიული სცენარები კი კლიმატის რისკის სცენარებს წარმოადგენს. მიმდინარე სტრეს-ტესტის შედეგები კლიმატის ცვლილების სამ ალტერნატიულ სცენარს მოიცავს: მოკლევადიანი არათანმიმდევრული (Short-term disorderly (STD)) სცენარი და ორი მწვავე ფიზიკური რისკის სცენარი. STD სცენარი შექმნილია ისე, რომ სიმულაცია გაუკეთოს დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე სწრაფი და დაუგეგმავი გადასვლის ეკონომიკურ შედეგებს შეკვეცილად სამწლიან პერიოდში.

რაც შეეხება კაპიტალის კოეფიციენტებს, STD სცენარის შემთხვევაში კაპიტალის დანაკარგები წარმოდგენილია B3.1 ცხრილში. შედეგები აჩვენებს, რომ საბაზო სცენართან შედარებით, კაპიტალის კოეფიციენტები უფრო დაბალია და განსხვავება ყველაზე შესამჩნევი 2026 წლის ბოლოსთვის ხდება. აღნიშნულ პერიოდში პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი 1.4 პპ-ით ჩამორჩება საბაზო სცენარის ანალოგიურ მაჩვენებელს.

2024 2025 2026
საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი -0.45% -0.99% -1.29%
პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი -0.46% -1.08% -1.40%
ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი -0.48% -1.15% -1.50%

მწვავე ფიზიკური რისკის შემთხვევაში ექსტრემალურ ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებული ორი სცენარია განხილული. კერძოდ, შეფასებულია უხვ ნალექთან და ქარიშხალთან დაკავშირებული რისკები. გარდამავლობის რისკისგან განსხვავებით, ფიზიკური რისკის სცენარების შედეგები წარმოდგენილია აკუმულირებულად ერთ პერიოდში. B3.2გრაფიკზე ნაჩვენებია უმოქმედო სესხების წილის ზრდა (NPL) სხვადასხვაფიზიკური რისკის სცენარის შემთხვევაში საბაზო სცენართან შედარებით.ანალიზით გამოიკვეთა, რომ საბანკო სექტორის უმოქმედო სესხების წილი უხვი ნალექის შემთხვევაში უფრო მეტად იზრდება. შესაბამისად,კაპიტალის დანაკარგები ამ სცენარის შემთხვევაში უფრო მაღალია ვიდრე ქარიშხლის სცენარის შემთხვევაში. საბაზო სცენართან შედარებითკაპიტალის კოეფიციენტების გადახრები დეტალურად წარმოდგენილიაB3.2 ცხრილში.

ცხრილი: B3.2 მწვავე ფიზიკური რისკის ეფექტი კაპიტალის კოეფიციენტზე საბაზო სცენართან შედარებით (პპ)

უხვი ნალექი ქარიშხალი
საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი -0.94% -0.86%
პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი -0.95% -0.87%
ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი -0.96% -0.87%


კლიმატის სტრეს-ტესტის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საყურადღებოა ის პოტენციური დანაკარგები რაც სხვადასხვა კლიმატის რისკის რეალიზაციასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო სექტორი მაღალ-კაპიტალიზებულია და კლიმატის რისკის მიმართ მდგრადია,"- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები