კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია გაიარა 6 700-ზე მეტმა მოქალაქემ, მათგან 4500 თბილისშია. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ გააჟღერა.
მისი თქმით, აქტივობა მაღალია და ეს მისასალმებელია.
„მოგეხსენებათ, „სინოფარმზე“ რეგისტრაციის პორტალი გუშინ 20:00 საათიდან გაიხსნა. დღეს დილის მონაცემებით, უკვე 6 700-ზე მეტმა თანამოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია 15 მაისამდე, სადამდეც პორტალი არის გახსნილი. ასე რომ, ძალიან აქტიურად დაიწყო რეგისტრაცია ამ ვაქცინაზე, რაც სასიხარულოა, რადგან ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, თუ როგორი მნიშვნელოვანია ვაქცინაცია. განსაკუთრებით აქტიურია თბილისი, აქ 4500-მდე ადამიანი დარეგისტრირდა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ: „სინოფარმით“ ვაქცინაცია, სავარაუდოდ, 4 მაისიდან დაიწყება. აღნიშნული ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ჯანმო 29 აპრილს განიხილავს.




























