ბოლო წლებში, საქართველო ავტომობილების იმპორტ-ექსპორტის ჰაბად ჩამოყალიბდა. 2021-2023 წლებში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი 365%-ით გაიზარდა და 2023 წელს რეკორდული $2.126 მილიარდს მიაღწია, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-ის ტოლია. პარალელურად ამისა, შედარებით ნაკლებად იზრდება საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი, რაც, როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, ქვეყანაში ელექტრომობილების დასამუხტი ინფრასტრუქტურის გაუმართაობას უკავშირდება.
თუმცა, როგორც ჩანს, ელექტრომობილების საქართველოში შედარებით მცირე რაოდენობას, შესაძლოა, კიდევ ერთი ახსნა ჰქონდეს და ის გლობალური ლოგისტიკური კომპანიების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს უკავშირდება. როგორც Caucasus Auto Import-ის ბრენდ მენეჯერმა, კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში” აღნიშნა, მეორეული ელექტრომობილები აალებისკენ არის მიმართული, რაც საფრთხის წინაშე აყენებს, როგორც თავად გემს, რომელსაც ავტომობილები გადაჰყავს, ასევე გემზე არსებულ ეკიპაჟს.
“ელექტრომობილებზე, ზოგადად, მოთხოვნა მზარდია, მაგრამ ჩვენი ბაზარი, უმეტესწილად, აშშ-ის სადაზღვევო აუქციონებზე გაყიდული მეორეული ავტომობილებით მარაგდება, სადაც დაზიანებული ავტომობილები იყიდება. ელექტრომობილებს რაც შეეხება, გამომდინარე იქიდან, რომ მათი ელემენტები ლითიუმისგან მზადდება, დაზიანების შემდეგ, ისინი - ცეცხლსაშიში ხდება. ელექტრობატარეების ამ თვისების გამო, საზღვაო ხაზებმა კონტროლი გაამკაცრეს და ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოში ბევრი ელექტრომობილი არ შემოდის - ლოგისტიკური შეზღუდვებია. ელექტრომობილების ტრანსპორტირება რისკებთან ასოცირდება, როგორც გემზე არსებული სხვა ტვირთისთვის, ასევე ეკიპაჟისთვის”, - განაცხადა კახა ლომიძემ “საქმიან საღამოში”.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის ივლისში, ნიდერლანდების მახლობლად, ჩრდილოეთის ზღვაში დაიწვა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, სახელწოდებით Fremantle Highway-ი, რომელსაც სამი ათასი ავტომობილი გადაჰყავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი, გემზე არსებული 25 ელექტრომობილიდან ერთ-ერთმა გამოიწვია. საქმე ისაა, რომ ქიმიური პროცესების გამო, ლითიუმის ბატარეებს, რომლებიც ელექტრომობილებში არის დამონტაჟებული, სპონტანური აალება ახასიათებს, ხოლო ცეცხლი, რომელიც წარმოიქმნება, ძალიან მაღალ ტემპერატურამდე ადის და გარშემო ყველაფერს ადნობს - დღევანდელი ტექნოლოგიით კი, მისი ჩაქრობა შეუძლებელია.
მსგავსი შემთხვევა 2022 წელსაც მოხდა, როცა Volkswagen-ის 4 000 ავტომობილით დატვირთულ გემს ატლანტის ოკეანეში ცეცხლი გაუჩნდა, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში ვერ ჩააქრეს. პროფესიონალებმა ვერც გემის რომელიმე ნაპირამდე მიტანა შეძლეს, რის გამოც, ერთი კვირის შემდეგ, გემი ჩაიძირა.