მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.44 ლარი გახდა

606473532f8f9
BM.GE
31.03.21 16:59
799
31 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 3.46 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4464 ლარი გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 3.4%-ით გაუფასურდა.

სებ-ის ინფორმაციითვე, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.82 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0426 ლარი გახდა. 

დღესვე ლარი თურქული ლირის მიმართ 0.77 თეთრით გაუფასურდა, შედეგად მისი ღირებულება 0.4141 ლარი გახდა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის საფასური კი 5.38 თეთრით გაიზარდა და 4.7467 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 1 აპრილიდან შევა ძალაში.

ცნობისთვის: სებ-მა გასული კვირის ორშაბათს $40 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. ეს 2021 წლის რიგით მეოთხე სავალუტო აუქციონი იყო. წელს სებ-მა ჯამში $160 მილიონი დოლარი გაყიდა.

დღესვე საკითხთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ფუნდამენტური ფაქტორებით გამოწვეულ გაუფასურებას სებ-ი ინტერვენციების გზით ვერ შეეწინააღმდეგება, რადგანაც ეს კონტრპოდუქტიული იქნება. 

"სავალუტო ინტერვენციების განხორციელებას კურსის რაიმე მიზნობრივი ნიშნული არ აქვს და ვერც ექნება. სავალუტო ინტერვენციებს მივმართავთ იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციაა ან კიდევ კურსი დაბალი ლიკვიდობის გამო ჭარბად მერყეობს სავალუტო ბაზარზე. შესაბამისად, არაფუნდამენტური ფაქტორების მოქმედების დროს ვახდენთ ინტერვენციებს.

გასულ წელს ძალიან დიდი რაოდენობით რეზერვები დავხარჯეთ და ჩვენ ამ წელსაც დავხარჯავთ. იმ დღეებშიც ვხარჯავთ, როდესაც არ ქვეყნდება ინტერვენციების შესახებ ინფორმაცია, რადგან გვაქვს შესაბამისი მექანიზმი. ვადასტურებ და ვაანონსებ, რომ წელსაც დავხარჯავთ რეზერვებს, ოღონდ ისე, რომ რასაც განსაზღვრავს ფუნდამენტური ფაქტორები, ის ამას ვერ შეცვლის, ეს რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს. იმ შემთხვევაში თუ ამ ფუნდამენტური ფაქტორების შეცვლას შევეცდებით, ეს ორგამად უფრო დიდი გაუფასურებით და უფრო მაღალი ინფლაციით დაგვიბრუნდება,”- აცხადებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები