უძრავი ქონების კომპანია (რემაქს კაპიტალი) RE/MAX Capital-ის დამფუძნებელ მარიამ ასათიანის პროგნოზით, მთავრობის მხრიდან დაანონსებული ქსელური მარკეტებისა და აფთიაქების შესაძლო რეგულაციები ქვეყანაში კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე გავლენას მოახდენს. „დაცარიელდება გარკვეული კომერციული ობიექტები“, - თქვა მან გადაცემა „წერტილში“ სადაც „ერთი უბანი - ერთი მარკეტის“ და „ერთი უბანი - ერთი აფთიაქის“ იდეას გამოეხმაურა.
"შეიძლება მოგონებული იქნეს ალგორითმი, როგორ განაწილდეს აფთიაქები" - მიხეილ სარჯველაძე
მარიამ ასათიანმა BMGTV-ისთან ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა სხვა ფაქტორებზეც, რამაც შეიძლება უძრავი ქონების ბაზარზე გავლენა იქონიოს. მათ შორის გამოყო ახალი საიმიგრაციო რეგულაციები, რაც უცხოელების მუშაობის და სწავლის ნებართვებს არეგულირებს.
მთლიანობაში, RE/MAX Capital-ის დამფუძნებელს აქვს მოლოდინი, რომ 2026 წელს ისევ შენარჩუნდება ფასების და ბაზრის მოცულობის ზრდა და ისევ - ბუნებრივი ტემპით. მოსალოდნელი ცვლილებები, რამაც შეიძლება დადებითი გავლენა მოახდინოს ბაზარზე, მარიამ ასათიანის აზრით, ბანკების მხრიდან დეველოპერების დაკრედიტების პოლიტიკის შემსუბუქებაა, რადგან ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკის გამო, დეველოპერული სესხების გაცემა საკმაოდ შენელებული იყო.
- როგორ შეიძლება იმოქმედოს უძრავი ქონების ბაზარზე უცხოელების დასაქმების შეზღუდვამ, განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებმა და სუპერმარკეტებისა თუ აფთიაქების შესაძლო რეგულაციებმა?
- ძალიან საინტერესო და ახალი თემაა... ეს ის სიახლეებია, რომლებიც ჩვენს ბაზარს, შესაძლოა, გარკვეულწილად შეეხოს, თუმცა ზუსტი ეფექტის განსაზღვრა ახლა რთულია. რეგულაციები და სიახლეები იმდენად სწრაფად გამოდის, რომ ჯერჯერობით, გაურკვეველია, რეალურად რა მოჰყვება მათ. ზოგადად, ეფექტი ორი ტიპისაა: პირველი - პიარი, რომელიც ნებისმიერ განცხადებას ახლავს, ქმნის გარკვეულ განწყობას და ამით მოქმედებს ბაზარზე; მეორე კი - უშუალოდ რეგულაცია, რომელიც გატარების შემთხვევაში პირდაპირ ცვლის მოცემულობას. დღეს პიარული მხარის გავლენა საგრძნობლად შემცირებულია - წლების განმავლობაში ვაკვირდებით, რომ უძრავი ქონების ბაზარი ძალიან მდგრადი გახდა. ახალ-ახალი რეგულაციები ისეთი სისწრაფით ვრცელდება, რომ საზოგადოებაში კრიტიკული მასის შექმნას და განწყობებზე მკვეთრ გავლენას ვეღარ ასწრებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობ.
- ეს ალბათ კარგიც არის, არა?
- უძრავი ქონების ბაზრისთვის ნამდვილად კარგია. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს „ტყვიების გასროლა“ ხდება - ხმა არის, მაგრამ რეალურად არავის ხვდება და მალევე ქრება, თუმცა თუ რეალურად გატარდა ის, რაზედაც საუბრობენ, მაგალითად, პრინციპი „ერთი უბანი - ერთი აფთიაქი“ ან „ერთი მარკეტი“ [ბაზარზე გავლენა ექნება]...
- მოგვიყევით უფრო კონკრეტულად - თუ ეს „ტყვიები მოხვდა“ სექტორს, უძრავი ქონების ბაზარზე რა გავლენას იქონიებს?
- გეტყვით. კომერციული ფართების ძირითადი დამკავებლები სწორედ აფთიაქები და მარკეტებია. მართლაც შეინიშნება მათი სიჭარბე და თუ უცხოეთს შევადარებთ, იქ სხვაგვარადაა, თუმცა ჩვენთან ამ მოდელს, როგორც ჩანს, აშკარად ჰყავს თავისი მომხმარებელი. თუ ეს სექტორი ხელოვნურად და ბაზრის საწინააღმდეგოდ დარეგულირდა, გარკვეული კომერციული ობიექტები აუცილებლად დაცარიელდება... ამ ფართებს მოუწევთ ახალი სექტორებით შევსება, რასაც ბაზარი დროთა განმავლობაში შეითვისებს. მსგავსი მომენტი გვქონდა, როდესაც საერთაშორისო კომპანიების გასვლის გამო ოფისები დაიცალა.
- მაგალითად, პანდემიის პერიოდში...
- დიახ, პანდემიის დროსაც. თუმცა შემდეგ ეს ადგილები სხვა კომპანიებმა დაიკავეს და ბალანსი აღდგა, მაგრამ ამას დრო სჭირდება. ჯერჯერობით, ეს ყველაფერი მხოლოდ პიარული განცხადებების დონეზეა და ზუსტად არ ვიცით, რას მოიცავს დაგეგმილი ცვლილებები.
- დიახ, ჯერჯერობით, მხოლოდ განცხადებებია გვესმის...
- შესაძლოა, ეს მხოლოდ მორიგ განცხადებად დარჩეს, მაგრამ ნებისმიერი რეგულირება იწვევს უკურეაქციას და ბაზარს ექნება თავისი რეზისტენტობა. თუ კომერციული ობიექტები მასობრივად დაიცალა, ამას დიდი გავლენა ექნება, რადგან მათ ბაზარზე ძალიან დიდი წილი უკავიათ.
- დასაქმების ნაწილიც საინტერესოა, ისევე როგორც განათლების სფეროში უცხოელი სტუდენტების რეგულირება. ესეც ჯერჯერობით განცხადებების დონეზე ვიცით.
- დიახ, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. მესმის იდეა, რომ შესაძლოა მიგრანტების დიდ ნაკადს ველოდოთ - ვფიქრობ, გლობალური მიგრაციული ციკლის ნაწილი ვართ. საქართველოდან გადინება მუდმივად იყო და დღესაც პრობლემად რჩება, თუმცა ახლა პირველად დადგა საკითხი, რომ ქვეყანას მიგრანტების შემოსვლასთან დაკავშირებული საკითხები აქვს მოსაგვარებელი. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეების ინტერესები დაცული უნდა იყოს, რათა მათ კონკურენტული პირობები ჰქონდეთ. სამუშაო ვიზების სტრატეგიის შემუშავება საჭირო და დროულია, მაგრამ თუ ეს სწორად არ დაიგეგმა, შედეგი გაურკვეველი იქნება. თუმცა, მგონია, რომ ეფექტი მაინც მცირე იქნება. შესაძლოა, ხარისხობრივად უკეთესი მიგრანტი მივიღოთ, რომელიც ჩვენს ბაზარს მეტს შესძენს, ვიდრე დღეს ხდება...
- თუმცა ესეც საკითხავი - რამდენად მოუნდება „ხარისხობრივად უკეთეს“ მიგრანტს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება და მუშაობა?! მსხვილი ბიზნესასოციაციების კვლევებით, კომპანიები კადრების დეფიციტს უჩივიან. მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენი მოქალაქეები სულ უფრო ხშირად მიდიან ემიგრაციაში. თუ ჩვენ აღარ მოგვინდება საკუთარ ქვეყანაში ცხოვრება, საკითხავია, განვითარებული ქვეყნიდან ვის მოუნდება აქ ჩამოსვლა.




























