მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს პარლამენტის ბიუროკრატიზაცია" - რომან გოცირიძე

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის წევრების ანაზღაურება იზრდება - ამას ითვალისწინებს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ ინიცირებული კანონპროექტი. დოკუმენტის თანახმად, მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების საბაზისო ანაზღაურება 3,626 ლარით იზრდება და 8,250 ლარს მიაღწევს. ეს 78%-იან ზრდას წარმოადგენს. ცვლილება 2025 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.

10 ნოემბერს გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი ინიციატივა სწორად მიაჩნია, თუმცა აღნიშნულს მხარს არ დაუჭერს და კენჭისყრისგან თავს შეიკავებს.

“სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური პარლამენტი კი არა, კომერციული პარლამენტია, სადაც 28 ოფიციალური მილიონერია. პროფესიონალი პოლიტიკოსი უნდა ცხოვრობდეს ხელფასით და პროფესიონალური პოლიტიკოსის პარლამენტში მუშაობა უნდა იყოს ყოველდღიური საქმიანობა და ხელობა… რა უნდათ ბიზნესმენებს პარლამენტში? სამწუხაროდ, იმიტომ მოდიან, რომ ტენდერები მოიგონ და ხელისუფლების მფარველობის ქვეშ იყვნენ, ხოლო ოპოზიციას იმიტომ უნდა პარლამენტში, რომ რეპრესიებისგან დაიცვას თავი, ამაშია პრობლემა და ამიტომ არ იზრდებოდა დღემდე ხელფასები...მე თქვენს მიერ წარმოდგენილი ინიციატივა სწორად მიმაჩნია, თუმცა, მე მხარს არ დაგიჭერთ იმ იმედით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი რეფორმები განხორციელდება”, - განაცხადა მან.

ამასთან, განცხადების გაკეთებისას გოცირიძემ აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნება პარლამენტში პერსონალური მანქანებით სარგებლობა გაუქმდეს და გაუქმებული ხელფასები იმ ადამიანებს დაურიგდეთ, რომლებიც მანქანებით სარგებლობენ.

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს პარლამენტის ბიუროკრატიზაცია. მსოფლიოში არ არსებობს პარლამენტი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობიდან ყოველ მეორე დეპუტატს ჰყავს პერსონალური მანქანა, 88 დეპუტატს 45 მანქანა ემსახურება. ვიქნები მომხრე, რომ გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა, ყველა პერსონალური მანქანა გაუქმდეს და გაუქმებული ხელფასები მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფუფუნებით სარგებლობენ, ეს არის კომპლექსური საკითხი და მთლიანობაში მინდა ვთქვა, რომ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ნაწილი შეადგენს აბსოლუტურ უმცირესობას, დანარჩენი არიან ბიზნესმენები. ბიზნესმენი არ უნდა ცდებოდეს პარლამენტში ჯდომით, მან უნდა აკეთოს ფული და შექმნას სამუშაო ადგილები, სწორედ პარლამენტის ხარისხი და უხარისხობა განაპირობებს დღეს შექმნილ მდგომარეობას", - დასძინა მან.

აღნიშნული განცხადების შემდეგ, შალვა პაპუაშვილმა რომან გოცირიძის განცხადებას უპასუხა:

"ეს ძალიან მანიპულაციური განცხადებაა, თითქოს პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ანგარიშზე მილიონები უდევთ თავისუფალ განკარგვაში. როდესაც საუბრობთ 28 მილიონერზე, სავარაუდოდ, ამას ქონებიდან გამომდინარე გულისხმობთ, თუ აღნიშნულით ვიმსჯელებთ, მაშინ ძალიან ბევრი მილიონერი გვყავს საქართველოში, ვინაიდან 2-3 ბინის ქონით უკვე მილიონერი გამოდიხარ. რაც შეეხება ავტომანქანებს, თქვენ დღეს, როგორც პარლამენტის წევრი, ყოველ თვე 400 ლარს იღებთ ავტო სატრანსპორტო საშუალებისთვის. ამასთან, პარლამენტი არ არის წარმომადგენლობითი ფუნქციის განმახორციელებელი, მუშა პარლამენტია - რაც გულისხმობს საკომიტეტო საქმიანობას, ამომრჩევლებთან ურთიერთობას, გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას და ა.შ. რასაც სჭირდება გადაადგილება, როდესაც ამ ვალდებულებას ვაკისრებთ პარლამენტის წევრებს, რა თქმა უნდა სახელმწიფო პასუხისმგებლობას იღებს, ეს იყოს უზრუნველყოფილი", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები