მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთობლივი კომპანიის როლი – ბაბაევი შუა დერეფნით სანქცირებული ქვეყნების პროდუქციის გატარებასაც არ გამორიცხავს

ალი ბაბაევი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, “შუა დერეფანში“ ტვირთების კოორდინაციისთვის ქართულ-აზერბაიჯანულ-ყაზახური კომპანია შეიქმნა.

კონკრეტული კომპანიის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი, თუმცა ამბობს, რომ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ყაზახეთში, პრეზიდენტ ალიევის ინიციატივები – შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი; ბაქო–თბილისი–ყარსის რკინიგზის მიერ ტვირთზიდვის ხუთმაგად გაფართოება – სწორედ ამ ტიპის განვითარებაზე მიანიშნებდა.

-რომ დავაზუსტო ჩვენი მაყურებლისთვისაც, თქვენ უშუალოდ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი კომპანია არსებობს არ გაქვთ, მაგრამ ვარაუდობთ, ეს ასეა..

-დიახ, მე ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ასეთი კომპანიის ჩამოყალიბება – მოლაპარაკებების ფონზე, ურთიერთობის ფონზე. ამ ბოლო დროს ყაზახეთმა რუსეთის ნავთობპროდუქტების ევროპისკენ გატარება გადაწყვიტა საქართველო–აზერბაიჯანის მეშვეობით – ესეც ერთ–ერთი მაგალითია, რომელიც ამ ქვეყნების ერთმანეთთან დაახლოებამ შეიძლება მოიტანოს.

-რომელი ქვეყნების დაახლოებას გულისხმობთ?

-ყაზახეთი – აზერბაიჯანი – საქართველო. ერთობლივ კომპანიაზე ლაპარაკობენ ყაზახეთშიც, აზერბაიჯანშიც – და რა თქმა უნდა, ვიცე–პრემიერმაც იცის ეს. ამიტომ თუ ჯერ არ არის შექმნილი ასეთი კომპანია, მალე შეიქმნება.

-და ნავთობის წყაროდ ვის ასახელებთ?

ნავთობის წყარო იქნება შუა აზიის ქვეყნები და აზერბაიჯანი, თურქმენეთი. არ არის გამორიცხული ირანიდანაც შემოვიდეს. მილსადენები, რკინიგზა – ყველანაირი ბერკეტი არსებობს, რომ საქართველოს გავლით მოხდეს ნავთობის ყულევის ტერმინალში გადამუშავება და უკვე მზა პროდუქტი გავიდეს ევროპაში. კარგი იქნება, თუ სანქცირებულ ქვეყნებს გვერდს ავუვლით ..

სანქცირებულ ქვეყნებს თუ ვუყურებთ, მაშინ თვითონ ევროპა როცა ამბობს, რომ რუსეთის ნავთობი სანქცირებულია, რატომ იღებენ რუსულ ნავთობს?

ავტორისგან: სანამ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმებოდა, ევროკავშირი დიდწილად მართლაც სწორედ რუსულ ენერგორესურსებზე იყო დამოკიდებული. 2021 წელს, ევროკავშირის ქვეყნები 155 მილიარდ კუბურ მეტრ რუსულ გაზს ყიდულობდნენ, რაც გაზის ჯამური იმპორტის 45% იყო. ომამდე, რუსეთი ევროკავშირისთვის ნედლი ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი იყო (სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დაახლოებით 108.მილიონი ტონა) და ასევე, ბენზინპროდუქტების უმსხვილესი მიმწოდებელი (სხვადასხვა წყაროებით, დაახლოებით 91 მილიონი ტონა). 2021 წელს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთიდან დაახლოებით 51 მილიონი ტონა ნახშირი იყიდეს, რაც ევროკავშირის მხრიდან ნახშირის ჯამური იმპორტის თითქმის ნახევარი გამოდიოდა. ამავე პერიოდში, რუსული საწვავი ამუშავებდა ევროკავშირში 18 ბირთვულ სადგურს: 6–ს ჩეხეთის რესპუბლიკაში; 4–4–ს უნგრეთსა და სლოვაკეთში და 2–2–ს ფინეთსა ბულგარეთში.

-როგორ იცვლება ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ ენერგო–რესურსებზე რუსეთ–უკრაინის ომის შემდეგ?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ცენტრალური მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სანქციების მეხუთე და მეექვსე პაკეტებს. ევროკავშირმა ასევე დააწესა ემბარგო რუსული ნახშირის შემოტანაზე. ემბარგო 2022 წლის აგვისტოში ამოქმედდა და საფუძველი დაუდო იმავე ტიპის შეზღუდვის გავრცელებას ზღვით გადაზიდული ნედლი ნავთობის იმპორტზეც. 2022 წლის ბოლოსკენ, გერმანიამ სრულად აკრძალა რუსული ნავთობის შესყიდვა. ჯამში, ყველა ეს ზომა ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირში რუსული ნავთობის მიწოდება 2023 წლის ბოლოს, წინა წელთან შედარებით, 90%–ით შემცირდება. უფრო მეტიც – რუსულ საწვავზე და მასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე 2023 წლის თებერვალში შემოღებული ემბარგოს ფონზე, წლის ბოლოსთვის, რუსული საწვავის წილი ევროპის ბაზარზე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები