საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებლის, თამარ თანდაშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე სექტორის წარმომადგენლებმა ერთხმად დააფიქსირეს, რომ ინდუსტრიას ნამდვილად ემუქრება საფრთხე.
ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, თამარ თანდაშვილმა BMG-ისთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, რომელიც 20-ზე მეტი დარგობრივ ასოციაციას აერთიანებს, „რუსულ კანონს“ არ ემხრობა.
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის განცხადება, რომელიც გავაკეთეთ უცვლელია - ჩვენ არ ვემხრობით კანონს. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, რომ მინისტრისთვის დასაბუთებულად, არგუმენტირებულად მოგვეხსენებინა.
ერთსულოვნად მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ ტურიზმის ინდუსტრიას ნამდვილად ემუქრება საფრთხე, თუკი საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა იქნება ამ ტიპის სტატუს-კვოს ქვეშ. ტურიზმის ინდუსტრიამ თხოვნით მიმართა მინისტრს, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან ის ასოციაციები, რომლებიც ტურიზმის სფეროში არიან ჩართულები და რომელთა ინტერესიც არის რეფორმის განხორციელება, კერძო სექტორის დახმარება, არ მოექცნენ ამ კანონის რეგულირების ქვეშ და თუ შესაძლებელია, ცვლილებები იქნეს შეტანილი ისე, რომ არ დაზარალდეს ინდუსტრია. მაგრამ ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ ერთ ინდუსტრიაზე, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ არ ვემხრობით კანონის მიღებას და ლეგიტიმაციას, რომელიც ასეთი ტიპის არეულობას ქმნის ქვეყანაში“, - თქვა თამარ თანდაშვილმა.
რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის საპასუხო პოზიციას, თამარ თანდაშვილის თქმით, მინისტრმა დააფიქსირა, რომ ესმის და იზიარებს, იმ პრობლემებს, რაც შეიძლება დადგეს, თუმცა დიპლომატიური პასუხი ჰქონდა.
„საკმაოდ დიპლომატიური პასუხი გაგვცა, რომ ქვეყნის პოლიტიკური მისია, კურსი არის ევროპასთან ინტეგრირება და კურსის ცვლილებას ის არ აფიქსირებს. ამბობს, რომ ქვეყანა მიდის ევროპული გზით“, - აღნიშნა ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის დამფუძნებელმა.