„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის კორნელი კაკაჩიას თქმით, გაგვიუქმდება თუ არა ევროპასთან ვიზალიბერალიზაცია, ეს მნიშვნელოვანწილად არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
როგორც მან „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ სურთ ქართველი ხალხის დასჯა, თუმცა მეორე მხრივ, არსებულ ხელისუფლებასთან, მით უფრო „გლობალური ომის პარტიის“ თემაზე დაწყებული რიტორიკის შემდეგ, კომუნიკაციის გაგრძელება გართულებულია.
„ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ კანონთან დაკავშირებით. თუ ხელისუფლება მიიღებს იმ სახით, რაც დღეს არის, ამას მოჰყვება რეაქცია, მათ შორის პერსონალური სანქციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. სავარაუდოდ, აქ უნდა ვისაუბროთ დროზე, როდის შეიძლება ეს მოხდეს. როგორც ვიცით, ევროკავშირი სწრაფად ვერ იღებს გადაწყვეტილებას გარკვეული მიზეზების გამო და არ არის გამორიცხული, რომ დაელოდონ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. აზრი მათ შორისაც ორად იყოფა, ერთიანი პოზიცია არ არსებობს იმიტომ, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებს არ სურთ ქართველი ხალხი დაისაჯოს ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო და ამიტომ ეს დებატები ჯერ კიდევ გრძელდება, თუმცა, ეს არ არის არარეალური, როგორც აქამდე ჩანდა.
თითქოს ფორმალურად საქართველოს სურს ევროკავშირში გაწევრიანება და მისი ხელისუფლება აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილებებს იღებს და სხვა რიტორიკას აწარმოებს. ეს იწვევს გაურკვევლობას და ჩამოყალიბებულია აზრი, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან თითქმის შეუძლებელია საღი აზრის გარშემო საუბარი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გლობალური პარტიის თემაზე დაიწყო საუბარი. ვერავინ გაიგო ვინ არის ეს, ორგანიზაციაა, პერსონალებს გულისხმობენ. ასევე გაურკვევლობას იწვევს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. თუკი აქამდე ვსაუბრობდით, რომ საქართველო დეფაქტო მულტივექტორული საგარეო პოლიტიკისკენ მიილტვოდა, ახლა მან უკვე გადადგა ფორმალური ნაბიჯები ამ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ჩაწერილ მუხლებს.“ - განაცხადა კაკაჩიამ.
„რუსული კანონის“ გამო, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ სტატია Financial Times-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი და შვედეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომლებიც მომავალ კვირას, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე შემაკავებელი ზომების განხილვის ინიციატორები იქნებიან. Financial Times-ს ორმა ადამიანმა უთხრა, რომ ზომები მოიცავს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მიზანმიმართულ სანქციებს და ევროკავშირის სახსრების გაყინვას. საკითხთან დაკავშირებული ოფიციალური პირების ინფორმაციით, ევროპული დედაქალაქები განიხილავენ „საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის განსხვავებულ ზომებს“.
სტატიაში აღნიშნულია, რომ კანონის მიღებას წინ უძღოდა არაერთი გაფრთხილება ბრიუსელიდან, რომ კანონის ამოქმედება მნიშვნელოვანი უკუსვლა იქნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. პროცესს ახლავს საქართველოს მოქალაქეების პროტესტი. ამასთან, აშშ-ს კონგრესის წევრებმა მოუწოდეს ბაიდენის ადმინისტრაციას სანქციების მომზადებისკენ.