„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გუშინ X-ზე დაწერა, რომ ევროკავშირის ელჩები ისევ განიხილავენ საქართველოს საკითხს და იმ პოტენციურ ზომებს, რომელთა გატარებაც მოუწევთ, თუკი რუსულ კანონს "ქართული ოცნება" მესამე მოსმენითაც დაამტკიცებს და მიიღებს. „ანალიტიკა“–მ მოკლე ინტერვიუ ჩაწერა რიკარდ იოზვიაკთან.
- თქვენი პოსტი წავიკითხე, სადაც წერთ, რომ ევროკავშირის ელჩები განიხილავენ საქართველოს საკითხს, რომ არ გამოირიცხება არც ვიზალიბერალიზაციის გადახედვა, თუკი "ქართული ოცნება" კანონს საბოლოოდ მაინც მიიღებს...
ეს აჩვენებს, რომ ევროკავშირის შეშფოთება იზრდება იმ ამბებით, რაც საქართველოში ხდება. ძალის გამოყენება პროტესტში მონაწილეების მიმართ. ევროკავშირში იწყებენ იმ შესაძლებლობების, მონახაზის მომზადებას, თუ რა შეიძლება გამოიყენონ და რა შეიძლება განიხილონ, როგორც სანქცირების ზომა, თუკი კანონს ივნისში პარლამენტი მაინც მიიღებს. წყაროები, რომლებთანაც მე მქონდა საუბრები, ამბობენ რომ – ყველაფერი დევს მაგიდაზე, ყველაფერი განიხილება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიზალიბერალიზაცია აუცილებლად შეჩერდება – სანქცირების სხვა მეთოდებზეც მიდის ფიქრი და მსჯელობა. მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაც განიხილება და რომ ევროკავშირი ამაზე მსჯელობს, საკმაოდ ღიად საუბრობენ ამ თემაზე, აჩვენებს, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან საქმეს, რამდენად შეშფოთებულები არიან ქვეყნის კურსიდან გადახვევით.
- რა განიხილება უფრო კონკრეტულად ამ ნაწილში – ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ინდივიდუალურად კანონზე პასუხისმგებელი პირების და მათი წრისთვის თუ – ყველასთვის?
ეს საინტერესო ასპექტია. ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შესაძლებელია კვალიფიციური უმრავლესობის გამოყენებით. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეეძლება ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას. არ ვამბობ, რომ ადვილია ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ იმაზე მარტივია, ვიდრე ინდივიდუალური სანქციების დაწესება. რატომ? იმიტომ, რომ როცა ევროკავშირი სანქციას უწესებს ადამიანებს, კონკრეტულ პირებს, აუცილებელია კონსენსუსი, ყველას ერთიანი გადაწყვეტილება. როგორც იცით, საქართველოს ჰყავს მეგობარი ევროკავშირში – უნგრეთი – ისინი ამ გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებენ. ამდენად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, რომელიც განურჩევლად ყველაზე დაწესებული სანქცია გამოვა, რეალურად უფრო ადვილად განსახორციელებელია მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად ეს არ არის ადვილად მისაღები გადაწყვეტილება. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ევროკავშირის მხრიდან ინდივიდუალური სანქციები ასე აქტიურად არ განიხილება.
- როცა აკვირდებით აქ განვითარებულ მოვლენებს – აქციებს, მათი დაშლის მეთოდებს, ძალის გამოყენებას, ძალადობას – რა შთაბეჭდილება გრჩებათ, როგორი სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები – დაამტკიცებს ამ კანონს პარლამენტი ივნისში? როგორ ფიქრობთ, ევროკავშირს მოუწევს რაიმე ტიპის სანქციის დაწესება?
მე ვფიქრობ – და ეს იკვეთება ჩემი საუბრებიდან ევროკავშირის მაღალჩინოსნებთანაც – მათ ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ეს კანონი, ეს ჯერ კიდევ კანონპროექტი კანონად არ იქცევა. მათ ჯერ კიდევ სჯერათ, რომ სიტუაცია ისევე შემობრუნდება, როგორც ეს გასულ წელს მოხდა. იმედი აქვთ, რომ ჯერ კიდევ არის დრო სურათის შესაცვლელად, მაგრამ შეშფოთება სულ უფრო მეტად იზრდება. ევროკავშირის მაღალჩინოსნების საფიქრალი დღეს ის არის – როგორ უნდა მოვიქცეთ, თუკი პროტესტის რომელიმე მონაწილე მოკვდება? ისინი უკვე დაშავდნენ – რა მოხდება უარესი სცენარის შემთხვევაში? რა უნდა გავაკეთოთ? ახლა ბურთი დიდწილად სწორედ საქართველოს მოედანზეა. იმიტომ, რომ ამას საქართველო აკეთებს. ევროკავშირი პროცესს აკვირდება. მსჯელობს. სხვადასხვა სცენარებს განიხილავს და ჯერ კიდევ საუკეთესოს იმედი აქვს, მაგრამ ემზადება უარესისთვის.
- შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რუსულ კანონამდე სანქციები არ იქნება? რუსული კანონი იქნება წყალგამყოფი?
დიახ. მთავარია კანონი. ეს არის წყალგამყოფი, როგორც თქვენ ახსენეთ. იქამდე არ მგონია, მძიმე შედეგები დადგეს. მაგრამ თუ კანონი ძალაში შევა, ეს შედეგები დადგება. პირველი შედეგი ის იქნება, რომ საქართველო წინ ვეღარ წაიწევს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ეს ყველაზე აშკარაა. იმიტომ რომ შეუძლებელია იყო ევროკავშირის წევრი და თან უცხოელი აგენტების კანონი გქონდეს. ეს ასე არ მუშაობს. იგივეა ვიზალიბერალიზაციის კონტექსტშიც – ვერ ვიხსენებ ქვეყანას, რომელსაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია და უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონი ერთდროულად აქვს. ამდენად ეს ორი მოცემულობა თავშივე შეუთავსებელია ერთმანეთთან. პირველი მსხვერპლი ეს იქნება – თქვენი შანსი, რომ ერთ დღეს გახდეთ ევროკავშირის წევრი. ეს შანსი ამ ყველაფრით ძალიან ზარალდება.
- და ჩემი ბოლო შეკითხვა – იმ საუბრებიდან რაც თქვენ გაქვთ არა მხოლოდ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან, არამედ, ბიზნესწრეებთანაც – ინვესტორთა სენტიმენტები საქართველოს მიმართ შეცვლილია, ისინიც სვამენ კითხვებს, უჩნდებათ ეჭვები – რამდენად ღირს საქართველოში ინვესტირება?
საქართველოს იმიჯი ზიანდება – მოდი ასე ვთქვათ. კერძო ბიზნესს, შესაძლოა, პოლიტიკა სულ არ აინტერესებდეს, მაგრამ აინტერესებს იმიჯი. საქართველოს იმიჯი უარესდება. ბევრი წლის განმავლობაში საქართველო იყო პატარა ღია ქვეყანა, სადაც საინტერესო იყო ინვესტირება. დღეს, როცა საქართველო სულ ტელევიზორშია და ამ მოვლენებით ის ძალიან აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაში – არა მხოლოდ ის ადამიანები, ჩემნაირი ადამიანები, ვინც საქართველოს ამბებით სულ ინტერესდებოდნენ, არამედ სრულიად შემთხვევითი ადამიანებიც, რომლებსაც მსოფლიოს ეს ნაწილი არასდროს აინტერესებდათ, დღეს კითხვებს სვამენ – რა ხდება აქ? იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია. სოციალური მედიის ერაში, როგორ წარმოაჩენ საკუთარ თავს – ამას აქვს მნიშვნელობა. დღეს, ამ კითხვის ნიშნებით, ინვესტორს რომ მოუნდეს საქართველოში ინვესტირება – მას ეკითხებიან – რატომ მანდ? სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა? – ეს კითხვის ნიშნები მნიშვნელოვანია. კერძო სექტორსაც უჩნდება ეჭვი – ღირს თუ არა თავისი ფულის ასეთი იმიჯის მქონე ქვეყანაში დაბანდება, კომპანიის გახსნა.. მოდი, ღიად ვთქვათ – საქართველო აღარ გამოიყურება იმდენად მიმზიდველად, როგორც ეს ადრე იყო ..