ესტონეთის ელჩი საქართველოში, რიინა კალიურანდი ესტონეთის რიიგიკოგუს (პარლამენტის) განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც, საკანონმდებლო ორგანო მხარს უჭერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავიზო მიმოსვლის გაყინვას, ვიდრე ე.წ. "რუსული კანონი" მოქმედებს, და აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლა პრივილეგიაა, რომელსაც დაცვა სჭირდება - ამის შესახებ კალიურანდმა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"დიახ, შეიძლება ასეთი ინტერპრეტაციაც მივცეთ, რომ ეს [ვიზალიბერალიზაციის შეჩერება] სასჯელის მსგავსია. ეს შეიძლება ბევრს არ მოეწონოს. გასაგებია. მეორე მხრივ, სავიზო თავისუფლება საქართველოს ევროკავშირთან პრივილეგირებული ურთიერთობის ნაწილია და ის ასევე მოითხოვს გარკვეული კრიტერიუმების შესრულებას", - განაცხადა კალიურანდმა.
საქართველოში ესტონეთის ელჩი ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირი საქველმოქმედო ორგანიზაცია არ არის და თუ მისი წესები ვინმესთვის მიუღებელია, მათთვის უვიზო მიმოსვლის პრივილეგიის გაუქმება ერთ-ერთი რეალური ინსტრუმენტია.
"ევროკავშირი არის წესების ნაკრები, ცხოვრების წესი და არა საქველმოქმედო ორგანიზაცია. თუ ეს ცხოვრების წესი და ეს ღირებულებები რაიმე მიზეზით მიუღებელია, ევროკავშირსაც აქვს უფლება შეცვალოს ეს პრივილეგირებული ურთიერთობა. ეს ხალხთან არაფერ შუაშია, თუმცა ხალხი დაზარალდება. მაგრამ შემდეგ, საბოლოოდ, ხალხს ექნება არჩევანი. არჩევნები მოდის და ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სავიზო თავისუფლების შეჩერება არასოდეს არ უნდა განხორციელდეს, მაგრამ ეს არის რეალური ინსტრუმენტი. და ეს შეიძლება შეიცვალოს, რადგან ეს ტექნიკური საკითხია. ამას მხოლოდ უმრავლესობის (qualitative majority) ხმა სჭირდება და ესტონეთი ამ საკითხს აყენებს დღის წესრიგში როგორც ვარიანტს. ჩვენ არ ვიცით, ექნება თუ არა მას მხარდაჭერა სხვა წევრი ქვეყნების მხრიდან. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ერთ-ერთი ასეთი რეალისტური ვარიანტი, რომელიც შეიძლება გაკეთდეს. ეს არ არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არის ის, რაც წარმოიშვა საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად", - ამბობს რიინა კალიურანდი IPN-თან ინტერვიუში.
11 ივნისს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც რიიგიკოგუ მოუწოდებდა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმონ კანონი, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ, ჩაატაროს სამართლებრივი გამოძიება ხელისუფლებისა და იმ პირების მიმართ, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, განახორციელოს ის რეფორმები, რასაც საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს და ევროკავშირში გაწევრიანების წინაპირობაა. ამავე დადგენილებით, პარლამენტი მხარს უჭერდა EU-სა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმის დროებით გაყინვას.