26 ოქტომბრის არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ ორი ამერიკელი კონგრესმენის, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელის, მაიკ ტერნერისა და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ჯერი კონოლის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს მთავრობას ჰქონდა შესაძლებლობა დაემტკიცებინა, რომ ევროატლანტიკური გზის ერთგული რჩება, რაც ვერ მოახერხა.
"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოთი, რომელიც დაირღვა ხმების მოსყიდვის, ამომრჩეველთა დაშინების, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო სამეთვალყურეო საბჭოებში საეჭვო დანიშვნებით.
26 ოქტომბრის არჩევნებმა საქართველოს შესთავაზა ფასდაუდებელი შესაძლებლობა, დაემტკიცებინა საერთაშორისო თანამეგობრობის, NATO-ს ქვეყნებისა და ევროკავშირისთვის, რომ მტკიცედ რჩება ევროატლანტიკური გზის ერთგული. სამწუხაროდ, წინასაარჩევნო კამპანიის რიტორიკით, რომელიც დასავლეთს უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიაში ადანაშაულებდა, სამოქალაქო საზოგადოების აღმოსაფხვრელად "უცხოური აგენტების" კანონმდებლობის მიღებით და პოლიტიკური ოპოზიციის ფიგურების წინააღმდეგ ძალადობრივ თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობის არარსებობით, საქართველოს მთავრობამ ამის დამტკიცება ვერ მოახერხა. ეს არჩევნები, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოწვევები შეუქმნა დემოკრატიულ პროცესს, მნიშვნელოვნად აშორებს საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას.
საჯარო სექტორის თანამშრომლებზე ფართო ზეწოლა, მოქმედი მმართველი პარტიისთვის ხმის მიცემისთვის და უარი გამოიძიონ ძალადობრივი თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე არის ავტორიტარული ქცევა და მკვეთრი გადახვევა აქტიური, მრავალპარტიული განვითარებადი დემოკრატიისგან, რომელიც ოდესღაც განსაზღვრავდა საქართველოს.
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ჩვენ ნათლად უნდა ვთქვათ: შეერთებული შტატები და NATO-ს ყველა ქვეყანა დგას ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით“,- აღნიშნულია განცხადებაში.