ქართველი მუსიკოსები "რუსულ კანონზე" და მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ.
საერთო ვიდეომიმართვაში, რომელშიც არტისტების ნაწილი მონაწილეობს, მუსიკოსები "რუსული კანონის" ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ და ამასთან, გმობენ ძალადობას, რომელიც კანონის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების მიმართ დაფიქსირდა.
"ეს მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ნამდვილად კრიტიკულია. ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც ერთ-ერთი ასეთი კრიტიკული მომენტის პერიოდში წავიდა ამ ქვეყნიდან. ახლა დავბრუნდით და ნამდვილად არ გვინდა, ისევ წავიდეთ სადღაც და დარწმუნებული ვართ, ძალიან ბევრ ადამიანს არ უნდა ამის გაკეთება. ეს კანონი არის სიმპტომი ანტიეროვნულობის და უცხო ქვეყნის, რუსეთის ინტერესების გატარების. ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენი ქვეყანა უნდა გამოფხიზლდეს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ პროცესების გაღრმავება. არა რუსულ კანონს, არა რუსულ რეჟიმს, არა ძალადობას, არა დიქტატურას" ,- ამბობენ ქართული ალტერნატიული როკჯგუფის, Afternoon Version-ის წევრები.
"ეს კანონი მიზნად ისახავს, რუსულ ყაიდაზე დათრგუნოს, შეზღუდოს და მოსპოს თავისუფლების ყოველგვარი საზოგადოებრივი და პიროვნული გამოვლენა, ურომლისოდაც ვერცერთი ნორმალური ქვეყანა ვერ განაგრძობს არა თუ განვითარებას, არსებობასაც კი. ამიტომ, არა რუსულ კანონს! ჩვენ, მუსიკოსები ერთხმად ვეწინააღმდეგებით [კანონს] და ვუერთდებით საქართველოს ევროპულ გზას", - ამბობს ვიდეო მიმართვაში მუსიკოსი რეზო კიკნაძე.
"ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მომწონდეს რაიმე სახის ინიციატივა ან კანონი, რომლის მისაღებადაც მთავრობას სჭირდება იმ სადამსჯელო პოლიტიკის გატარება ადამიანების წინააღმდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ", - ამბობს Tamada.




























