მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი" - ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელზე

იმპიჩმენტი

მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, - ამის შესახებ "ოცმების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

კობახიძის თქმით, პოლიცია ქართველი ხალხის თვალში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტია და მზია ამაღლობელი დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი.

„ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი, თქვენ იცით, როგორ დამთავრდა სააკაშვილის სცენარი თავის დროზე. შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ხან ასე, ხან ისე, მაგრამ სახელმწიფო ზრუნავდა, ბუნებრივია, მის ჯანმრთელობაზე, ისევე, როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის.

რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც მზია ამაღლობელი სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება და როგორც კი გარეთ გამოვიდა, პოლიციელს მან სახეში გაარტყა ხელი. ანუ მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია. როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება ჩაითვალოს გარკვეული აქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც რაღაცას მოინანიებს, იქ შეიძლება ჰუმანურად ისაუბრო.

წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც აქტი მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნას ჩათვლილი. რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ, რომ ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, არ შეიძლება პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს და თქვენ იცით, რომ პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი და შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. სხვა არაფერს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“. ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საპატიმროდან,“- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თუნდაც მზია ამაღლობელის თემაზე.

"ჩვენ ყოველ ჯერზე, მუდმივად ვაფიქსირებთ მზადყოფნას დიალოგისთვის. ახლაც შემიძლია დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა რაიმე საკითხის განხილვა საჯაროდ თუ არასაჯაროდ, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, ხვალვე მზად ვარ, რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი“- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

"ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის საღამოს ორჯერ დააკავეს. პირველად - საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზედაც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები