მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არის საბოტაჟი და ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა - ხოკრიშვილი „გავლენის აგენტების“ კანონპროექტებზე

640712c205602
ინგა მურუსიძე
07.03.23 22:20
804
საქართველოს პარლამენტში განიხილავენ კანონპროექტებს გავლენის აგენტების შესახებ, რომლის მიღების შემთხვევაში, იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირება მოუწევთ. კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია. იგეგმება, რომ ორივე კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღონ და შემდეგ ვენეციის კომისიას განსახილველად გადაეგზავნოთ. პროექტს უკვე დაუჭირეს მხარი კომიტეტებში. ქვეყანაში კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

გადაცემა #წერტილის სტუმარი, “ქართული ოცნების” მთავრობის ყოფილი მინისტრი და ელჩი გერმანიაში, ელგუჯა ხოკრიშვილი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს საბოტაჟს...

- რას კარგავს საქართველო აგენტების შესახებ კანონის მიღებით?

- აზრიც არ აქვს, რომ შინაარსობრივ მსჯელობაში შევიდეთ, ამ თემის მცოდნე ექსპერტებმა უკვე გააკეთეს შინაარსობრივი განმარტებები. ის ადამიანები, ვინც ამის გამართლებას, რატომ აკეთებენ, რა ამოძრავებთ, აძალებთ ვინმე, ვიღაცისთვის აკეთებენ თუ რა, არ ვიცი. ამ ეტაპზე წითელ ხაზამდე მივედით. არჩევანის წინაშე აღარ ვართ - ეს ნიშნავს პირდაპირ იზოლაციას, გაუცხოებას ჩვენს დასავლელ მეგობრებთან. იზოლაცია ნიშნავს, რომ სამეგობროდ დაგვრჩება მხოლოდ რუსეთი, რომელთანაც ვერც ვიმეგობრებთ. მისთვის ვიქნებით ჩვეულებრივი ვასალი ქვეყანა, სადაც მოსკოვში განსაზღვრავენ როგორ ვიცხოვროთ, რა უნდა მოგვწონდეს და ა.შ.

- რით შეიძლება აიხსნას ნაბიჯები იზოლაციისკენ? მით უმეტეს წლის ბოლოსკენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს და ფაქტობრივად არ დარჩენილა საერთაშორისო პარტნიორი, ვინც არ გვეუბნება, რომ ეს არ გვაახლოებს ევროპასთან. გაჩნდა მოსაზრება, თითქოს მთავრობა საბაბს ეძებს, რომ წლის ბოლოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. აზრს მოკლებულია ეს მოსაზრება?

- ძალიან გამიჭირდება მოსაზრებების გამოთქმა, მაგრამ ფაქტია, რომ ევროკომისიამ უნდა მოამზადოს დასკვნა და შემდეგ 27 ქვეყნის უმაღლესი პირები მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ დასკვნის საფუძველზე, მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს. თვითონ ქვეყნის განვითარებისთვის არის ეს ცუდი. სრულიად გაუგებარია... სხვა ვარიანტები რომ არ განვიხილოთ, შემიძლია ღიად და თამამად ვთქვა, ეს არის ჩვეულებრივად საბოტაჟი...

- საბოტაჟი ვის წინააღმდეგ?

- საბოტაჟი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. ეს არის საბოტაჟი ქვეყნის მომავლის, ქვეყნის განვითარების და ევროპული მომავლის წინააღმდეგ.

- რა გამოდის, ვისთვის მუშაობს საქართველოს ხელისუფლება დღეს?

- ბევრი რამ არის, შეიძლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის მუშაობს, შეიძლება ვიღაცის დავალებას ასრულებს, ამას ხომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ დღეს შეიძლება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ავუხსნათ ის, რომ ეს დაგვაშორებს ჩვენს ისტორიულ მიზანს. ჩვენს ისტორიულ მიზანთან დაშორება კი ნიშნავს, რომ ვიქნებით ნაკლებად დაცულები და განვითარების პერსპექტივა გადაიდება კიდევ გაურკვეველი დროით. თანაც არავინ იცის, ეს ისტორიული შანსი და ეს შესაძლებლობის ფანჯარა კიდევ რამდენი ხანი იქნება ღია. ძალიან რთული პერიოდი მოდის... 2024 წელს არის არჩევნები, მეზობელ ქვეყანაშიც. ბევრი არაკონტროლირებადი ცვლადია გეოპოლიტიკაში და ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დრო დავკარგოთ. ვფიქრობ, ამ ისტორიული შანსის გაშვება არ ეპატიება არც ერთ თაობას, რომელიც დღეს ამ ქვეყნის მოქალაქეებს წარმოადგენს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები